ანა ნაცვლიშვილი - მოსამართლეებთან დაკავშირებულ გზავნილზე ადეკვატური რეაგირება ყველასთვის უკეთესი იქნება, რადგან ყველას გვესმის, რომ ეს გზავნილი არის ხელისუფლების და ივანიშვილის მიმართ

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოსამართლეებთან დაკავშირებით გაკეთებულ გზავნილზე ადეკვატური რეაგირება ყველასთვის უკეთესი იქნება, რადგან ყველას გვესმის, რომ ეს გზავნილი არის ხელისუფლების და ივანიშვილის მიმართ, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია სხვა პირების დასანქცირებაც, ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მოსამართლეების დასანქცირება მხოლოდ დასაწყისია.

„ბლინკენის წერილშიც ხაზგასმითაა ჩაწერილი, რომ აშშ გააგრძელებს ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას იმ ადამიანებთან მიმართებით, რომლებიც საჯარო ინტერესის ნაცვლად, პირადი ინტერესისთვის იყენებენ თანამდებობებს. ამიტომ დოკუმენტში ეს ჩანაწერიც აჩვენებს იმას, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი, ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოსამართლეებთან დაკავშირებით გაკეთებულ გზავნილზე ადეკვატური რეაგირება ყველასთვის უკეთესი იქნება, რადგან ყველას გვესმის, რომ ეს გზავნილი არის ხელისუფლების და ივანიშვილის მიმართ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ საგამოძიებო კომისიის მოთხოვნას, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ კომისიის მიზანია, დაადგინოს, რა სქემით მოქმედებს სასამართლო სისტემის მართვის პროცესში დასანქცირებული ოთხი მოსამართლე და მათ მიღმა მყოფი ადამიანები.

„გუშინ იყო კითხვები, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით გადაწყვიტა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საკუთარ ქვეყანაში ვის შეუშვებს და ვის - არა. ეს ინფორმაცია წლებია საჯაროა და ცხვირწინ უდევს ხელისუფლებას, მაგრამ აშშ-ის ხელისუფლება, ჩვენი ხელისუფლებისგან განსხვავებით, არის კანონმორჩილი, ამიტომ ინფორმაცია, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია, აიღეს, შეაფასეს და რეაგირება გააკეთეს. საქართველოს ხელისუფლებას 10-ჯერ მეტი ინფორმაცია აქვს იმასთან დაკავშირებით, სასამართლო რა დანაშაულებრივი სქემით იმართება, მაგრამ აშშ-ის ხელისუფლებისგან განსხვავებით, ეს ხელისუფლება არ აძლევს ადეკვატურ შეფასებას იმ ინფორმაციას, რომელიც კლანურ მმართველობასთან დაკავშირებით საჯარო სივრცეში ხელმისაწვდომია. შესაბამისად, საგამოძიებო კომისიის მიზანი, რომელიც ოპოზიციამ მოვითხოვეთ, არ არის რაიმე გადაწყვეტილების გადახედვა. საუბარია ოთხ ადამიანზე, რომელიც სისტემის სათავეს წარმოადგენს, თუმცა ვიცით, რომ ოთხ ადამიანზე არ დგას კლანური მმართველობა. ამიტომ თუ პარლამენტს ადეკვატური რეაგირება სურს, უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის დანარჩენ სქემას ამ ოთხი ადამიანის მიღმა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით უახლოეს საათებში ოფიციალურად მიმართავენ.

„ოპოზიციაში შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს, რათა დოკუმენტი მომზადდეს და მივმართოთ პრეზიდენტს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.10.2024
გიორგი ანთაძე - აქამდე არასოდეს დამდგარა საქართველოს სტრატეგიული პროდასავლური კურსის გადახედვის საკითხი, ისევ დადგა ხანგრძლივი ერთპარტიული მმართველობის დამყარების საფრთხე
კახა ოქრიაშვილი - ზუსტად ვიცი, რომ დმანისში თავისუფალი, ამაყი ხალხი ცხოვრობს, რომელსაც ვერავინ დაიმონებს!