„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს მოუწოდებენ, მედიის წარმომადგენლებს, რომელთაც მისი ბრძანების საფუძველზე პარლამენტის აკრედიტაცია შეუჩერდათ, საქმიანობის განხორციელების უფლება აღუდგეთ.
როგორც ფრაქციის წევრმა თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, პაპუაშვილის გადაწყვეტილება უკანონო და დისკრიმინაციულია.
„მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ აღუდგეთ ჟურნალისტებს საქმიანობის განხორციელების უფლება და აკრედიტაცია პარლამენტში. ეს ადამიანები წლების განმავლობაში მუშაობენ პარლამენტში, მათ შორის მაშინ, როდესაც ელისო ბოლქვაძე და „ქართული ოცნების“ ბევრი სხვა წარმომადგენელი არ იყო საკანონმდებლო ორგანოში. დარწმუნებული ვარ, მედიის წარმომადგენლებიც ხართ სოლიდარულები და გამოხატავთ სოლიდარობას. ჩვენი მხრივ კი, მივმართავთ ოფიციალური წერილით პარლამენტის თავმჯდომარეს, დაუყოვნებლივ აღუდგეს უფლებამოსილება სამ ჟურნალისტს და მათ ოპერატორებს. მივმართავთ, ასევე, სხვა პოლიტიკური პარტიების და უმრავლესობის წარმომადგენლებს, ხელი მოაწერონ აღნიშნულ წერილს. ეს არის უკანონო და დისკრიმინაციული გადაწყვეტილება, რომელიც მიზნად ისახავს კრიტიკული მედიის გაჩუმებას. კრიტიკულ მედიას ამგვარი რეპრესიებით ხელისუფლება ვერ გააჩუმებს, თავად კიდევ უფრო მიუახლოვდება დასავლეთის გადაწყვეტილებებს, რომ სანქციები გაფართოვდეს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ინფორმაციისთვის, შალვა პაპუაშვილის ბრძანების თანახმად, ჟურნალისტი ვალდებულია შეწყვიტოს ინტერვიუ, თუკი რესპონდენტს არ სურს კითხვებს უპასუხოს. ამ ჩანაწერის საფუძველზე პარლამენტის აკრედიტაცია ერი თვის ვადით, ორ ჟურნალისტს და მათ ოპერატორებს შეუჩერდათ.