ვხედავთ, რომ ამერიკელები ყოველდღიურად მუშაობენ სასამართლოში საკუთარი აგენტურის რეკრუტირებაზე, რაც საქართველოს სუვერენიტეტს სერიოზულ საფრთხეს უქმნის, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის ინტერვიუს შეეხება.
„ხალხის ძალა“ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, მიიღოს ქმედითი სამართლებრივი ზომები, რომლებიც სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის წინააღმდეგ იქნება მიმართული.
„ამერიკის ელჩის გუშინდელი ინტერვიუდან საზოგადოება უსათუოდ შემდეგ დასკვნებს გამოიტანდა:
- ქალბატონმა ელჩმა საერთოდ ვერ დააკონკრეტა, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით დასანქცირდა სამი მოქმედი და ერთი ყოფილი ქართველი მოსამართლე, რაც ნიშნავს, რომ მოსამართლეებს სავიზო სანქციები ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დაუწესეს;
- ელჩისგან გავიგეთ, რომ ის სავიზო სანქციის საფუძველს როგორც სამართალდამცავ სტრუქტურებს, ისე ქართულ საზოგადოებას მომავალშიც საგულდაგულოდ დაუმალავს, რაც ასევე იმის დასტურია, რომ სინამდვილეში დანაშაულის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს;
- ქალბატონი ელჩი მთლიანად გაექცა კითხვას 2004-12 წლების სისხლიანი სასამართლო სისტემის ლიდერების, სააკაშვილისა და ადეიშვილის სანქცირების შესახებ. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სააკაშვილიც და ადეიშვილიც სინამდვილეში უცხოელი აგენტები არიან და სწორედ ამიტომ სარგებლობენ მფარველობით საკუთარი უცხოელი პატრონების მხრიდან. სწორედ ამით აიხსნება ისიც, რომ უცხოურ ინსტიტუტებს ან ადგილობრივ ენჯეოებს სააკაშვილ-ადეიშვილის სისხლიანი სასამართლო სისტემა ოდნავ მწვავედაც კი არასოდეს გაუკრიტიკებიათ;
- კელი დეგნანი მთლიანად გაექცა კითხვას საელჩოს თანამშრომლების მიერ მოსამართლე ჩხიკვაძისთვის ანგარიშის მოთხოვნისა და ამერიკაში ვიზიტის გაუქმების შესახებ. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მოსამართლე ჩხიკვაძის დამოუკიდებლობის უხეში ხელყოფა სწორედ ელჩის პირდაპირი თუ ირიბი თანამონაწილეობით განხორციელდა;
- ქალბატონი ელჩი გააღიზიანა კითხვამ „ფრანკლინის კლუბის“ ამერიკელი ტრენერის საქართველოში არშემოშვებასა და მოსამართლეებისთვის სავიზო სანქციების დაწესებას შორის კავშირის არსებობის შესახებ. მისი ასეთი გაღიზიანება გვიმყარებს რწმენას, რომ მოსამართლეების სანქცირება სწორედ „ფრანკლინის კლუბის“ ტრენერის არშემოშვებაზე პასუხი იყო;
- კელი დეგნანმა ვერაფრით თქვა, რა იყო რუსული ჩვენს მიერ დაინიცირებულ ქართულ კანონში აგენტების შესახებ. ის მთლიანად გაექცა საგნობრივ დისკუსიას ჟურნალისტთან, რომელიც მას კონკრეტულ ნორმებზე დაყრდნობით უმტკიცებდა, რომ რუსულ კანონში სულ სხვა რამ წერია;
- ქალბატონი ელჩი ასევე სრულად გაექცა კითხვას „სირცხვილიას“, „დროას“ და სხვა მაპოლარიზებელი რადიკალ-ექსტრემისტული პარტიებისა და ენჯეოების ამერიკული დაფინანსების შესახებ. როგორც ჩანს, ქალბატონ ელჩს კარგად აქვს გააზრებული, რომ პოლარიზაციისა და რადიკალ-ექსტრემისტების დაფინანსება ქართული სახელმწიფოს და მისი ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, თუმცა, ირკვევა, რომ ამ ნაბიჯს ის სრულიად შეგნებულად დგამს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე განცხადების თანახმად, თუ საქართველო ვერ შეინარჩუნებს სასამართლოს დამოუკიდებლობას, სრულად დაკარგავს სუვერენიტეტს.
„დასასრულს, კიდევ ერთხელ გვინდა შევეხოთ სასამართლო სისტემაში ამერიკული ინტერვენციის თემას. ვხედავთ, რომ ამერიკელები ყოველდღიურად მუშაობენ სასამართლოში საკუთარი აგენტურის რეკრუტირებაზე, რაც საქართველოს სუვერენიტეტს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. დღევანდელი მდგომარეობით, მათ უკვე ჰყავთ რეკრუტირებული ოცამდე აგენტი სასამართლო სისტემაში. სხვა მოსამართლეებზე ზემოქმედებისთვის, ისინი აქტიურად იყენებენ ისეთ პრივილეგიებს, როგორიცაა ამერიკაში ვიზიტების შეთავაზება, ტრენინგებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა, სხვადასხვა ანაზღაურებადი საქმიანობის შეთავაზება და ა.შ. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, მივიღოთ ქმედითი სამართლებრივი ზომები, რომლებიც სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის წინააღმდეგ იქნება მიმართული. აღნიშნულმა სამართლებრივმა ზომებმა ასევე უნდა მოგვცეს საშუალება, გამოვავლინოთ უცხოელი აგენტები სასამართლო სისტემაში და მათ მიმართ სამართლებრივი რეაგირების კონკრეტული ზომები ავამოქმედოთ.
მიგვაჩნია, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანაა, სასამართლო სისტემაში არცერთი უცხოელი აგენტი აღარ დარჩეს, რისთვისაც სახელმწიფომ ყველა ლეგიტიმური საშუალება უნდა გამოიყენოს. მოსამართლის აგენტობა არის საკუთარი ქვეყნის ღალატის განსაკუთრებული, ერთ-ერთი ყველაზე საშიში გამოვლინება და ამდენად, ამ მოვლენის მიმართ ხელისუფლების ლოიალურ დამოკიდებულებას ვერავითარი გამართლება ვერ ექნება.
თუ საქართველო ვერ შეინარჩუნებს სასამართლოს დამოუკიდებლობას, სრულად დაკარგავს სუვერენიტეტს და დაუბრუნდება 2004-12 წლების უმძიმეს წარსულს, როდესაც სასამართლო სისტემა სისხლიანი აგენტოკრატიის ერთ-ერთ უმთავრეს რეპრესიულ ინსტრუმენტად იყო ქცეული “, - აღნიშნულია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.