მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს შანტაჟის ენით ესაუბრებიან - ეს რიტორიკა ქვეყნის იზოლაციისკენ არის მიმართული, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მოსამართლეთა სანქცირების თაობაზე მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებს.
სამადაშვილის განცხადებით, სასამართლო სისტემაში ყოველთვის იყო პრობლემები, მაგრამ ახლა სისტემა გადაქცეულია პოლიტიკური დევნის მექანიზმად და დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.
მისი თქმით, მოსამართლეთა სანქცირების შემდეგ, სწორი იქნებოდა დასანქცირებული მოსამართლეების გადადგომა და გამოძიების დაწყება.
„როგორც კობახიძე, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი შანტაჟის ენით ესაუბრებიან ჩვენს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს, ქვეყანას, რომლის მხარდაჭერაზეც დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური, ფიზიკური უსაფრთხოება და ევროატლანტიკური მომავალი. მსგავსი რიტორიკა ქვეყნის იზოლაციისკენაა მიმართული და ასეთად იქნება შეფასებული ჩვენი პარტნიორების მხრიდან.
რაც შეეხება მტკიცებულებებს, გამოძიების პროცესის გახსნას თუ აპირებს ივანიშვილის პროკურატურა, მათ ექნებათ შემდეგ საუბრის სივრცე მტკიცებულებების გაზიარებაზე, ამიტომ ჰკითხეთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რატომ არ ინტერესდება პროკურატურა, როცა 30-წლიანი ურთიერთობების მანძილზე პირველად დაასანქცირა აშშ-მ ადამიანები სასამართლო ხელისუფლების შტოდან,“ - განაცხადა სამადაშვილმა.