პარტია „დროა“ სოლიდარობას უცხადებს იმ მედიასაშუალებების ჟურნალისტებს, რომლებსაც პარლამენტმა აკრედიტაცია შეუჩერა.
როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, მათთვის აკრედიტაციის შეჩერება არის კრიტიკულ მედიაზე თავდასხმის და პოლიტიკური ანგარიშსწორების კიდევ ერთი ხერხი ხელისუფლების ხელში.
„კრიტიკული ტელევიზიების 3 ჟურნალისტს პარლამენტმა აკრედიტაცია შეუჩერა. პარლამენტის აპარატის თქმით, მათ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის ახალი წესები დაარღვიეს ანუ არ შეწყვიტეს კითხვების დასმა, როცა რესპონდენტს მათზე პასუხი არ მოუნდა.
ეს არის კრიტიკულ მედიაზე თავდასხმის და პოლიტიკური ანგარიშსწორების კიდევ ერთი ხერხი ხელისუფლების ხელში. იმ დროს, როდესაც „ქართული ოცნებისგან“ დამოუკიდებელი მედიასაშუალებები და იქ მომუშავე ადამიანები გამუდმებული წნეხის, ფიზიკური თუ სამართლებრივი დევნის ქვეშ არიან, მნიშვნელოვანია, ჩვენი, მოქალაქეების მათ გვერდით დგომა.
სიტყვის თავისუფლება, განსხვავებული და კრიტიკული აზრის გამოხატვის შესაძლებლობა საქართველოს თითოეული მოქალაქის უმნიშვნელოვანესი უფლებაა, რომელიც ყველგან და ყოველთვის უნდა დავიცვათ!
პარტია „დროას“ სოლიდარობა თათია წოწონავას („მთავარი“), სოფო გოზალიშვილს („ფორმულა“) და რუსუდან დუმბაძეს („ტელეკომპანია პირველი“)“, - აღნიშნულია „დროას“ განცხადებაში.