ჩვენი მთავარი ამოცანა არის რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება, უფრო მეტი პროექტების განხორციელება და გვჯერა, ჩვენ ასეთი თბილი მეგობრობით, ძმობით ძალიან ბევრ პროექტს განვახორციელებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ის საკითხები გააჟღერა, რაზეც ილჰამ ალიევთან შეხვედრისას ისაუბრა.
„მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ქართველებისთვის თქვენთან, აზერბაიჯანთან, აზერბაიჯანელ ხალხთან ძმობას, მეგობრობას. ჩვენ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა გვაქვს. გვაქვს ძალიან ძლიერი პარტნიორობა. აზერბაიჯანი არის არა მხოლოდ ჩვენი მეგობარი და მეზობელი, არამედ ძალიან ძლიერი სტრატეგიული პარტნიორი, სავაჭრო პარტნიორი მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ თქვენთან ერთად გვაქვს განხორციელებული ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული მნიშვნელობის პროექტები, რამაც კიდევ უფრო მეტად დააკავშირა ჩვენი ერები, კიდევ უფრო მეტად გახდა ურთიერთდამოკიდებულები, რომელიც საუკუნეები გასტანს.
ჩვენ არაერთხელ გვიხსენებია ის ისტორიული მნიშვნელობის პროექტები, რომელიც უკვე განხორციელდა და უკვე წარმატებით მუშაობს. მოგეხსენებათ, საქართველო არის ძალიან სანდო სატრანზიტო პარტნიორი ქვეყანა. როგორც ბატონმა პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის ვმუშაობთ, არ ვჩერდებით. ვმუშაობთ ახალ ინიციატივებზე, როგორიცაა მაგალითად, შავი ზღვის ელექტროკაბელი იმისთვის, რომ განვავითაროთ ე.წ. მწვანე კორიდორი. საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს დიდი პოტენციალი, რომ ევროპას მწვანე განახლებადი ენერგია მიაწოდოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის პერსპექტიული, ეს არის მომავალი და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ორივე ქვეყანამ მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ.
ჩვენ ასევე, საუბარი, ბუნებრივია, რეგიონში არსებულ ვითარებაზე გვქონდა. ასევე რთულ ვითარებაზე ვისაუბრეთ, რომელიც არის უკრაინაში ომის გამო. ეს ბუნებრივია, ზრდის რისკებს ქვეყნებისთვის. ასეთ გამოწვევა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ არ ყოფილა. ჩვენი მთავარი ამოცანა, ჩვენი მთავარი ინტერესი არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება, რაც არის საფუძველი მეტი კეთილდღეობის ჩვენი ხალხებისთვის. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ გვქონდეს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი, მეტი კეთილდღეობა ჰქონდეს ჩვენ ხალხებს და ამ ნაწილში ჩვენ სრული თანხვედრა გვაქვს. ჩვენ გვინდა მეტი პროექტი განვახორციელოთ, რაც მეტად გააძლიერებს და დააკავშირებს ჩვენს ქვეყნებს და ჩვენს ერებს.
მე ასევე, მინდა ვთქვა ე.წ. შუა დერეფნის განვითარების შესახებ. ჩვენ ვმუშაობთ ერთობლივად ამ მიმართულებით. ჩვენი სურვილი არის, რომ უახლოეს მომავალში ყველა ბარიერი მოიხსნას. ერთობლივად უნდა განვავითაროთ ინფრასტრუქტურა. იქნება ეს პორტები, რკინიგზა. იცით, რომ ჩვენ წელს ანაკლიის პოსტის მშენებლობას ვაპირებთ. ასევე ჩვენ დაახლოებით, ერთ წელში დავასრულებთ რკინიგზის გაფართოების პროექტს. მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მიმართულებით. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს და გაზრდის ტვირთბრუნვას ჩვენი რეგიონის მიმართულებით,“ -განაცხადა პრემიერმა.