ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი საქართველოსთვის, რადგან ეს არის შესაძლებლობა მოხდეს რეაგირება სასამართლო სისტემაში კორუფციასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე, ეს არის შესაძლებლობა მოხდეს დემონსტრირება, რომ მთავრობა ერთგულია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, შეუშლის თუ არა ხელს საქართველოს ევროპულ მომავალს აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება იმ ფონზე, როცა საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესშია.
„საქართველოს პარლამენტთან წლების განმავლობაში ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით და მოუთმენლად ველით ამ თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას. რადგან ვიცით, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის 12 რეკომენდაციის ნაწილი, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, იმისთვის, რომ მიმდინარე წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი მიიღოს და იმედი მაქვს, რომ საქართველო მიიღებს მას, მაგრამ გვესმის, რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი. ჩვენ, გასულ თვეში ვენეციის კომისიის დასკვნაში ვიხილეთ, რომ არსებობს გარკვეული ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული მოთხოვნები შესრულდეს, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულყოფილი რეფორმირება.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, [შეუშლის თუ არა ხელს აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში], ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, რადგან ეს არის შესაძლებლობა მოხდეს რეაგირება სასამართლო სისტემაში კორუფციასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე, ეს არის შესაძლებლობა მოხდეს დემონსტრირება, რომ მთავრობა ერთგულია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ.
გასულ კვირაში, ვაშინგტონში, დემოკრატიის სამიტზე საქართველომ პირობა დადო, რომ იბრძოლებს კორუფციის წინააღმდეგ, პირობა დადო, რომ ხელს შეუწყობს და დაიცავს მიუკერძოებელ, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას და კანონის უზენაესობას, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჯანსაღი დემოკრატიისთვის. ასე რომ, იმედი გვაქვს, საქართველო გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, ექნება რეაგირება კორუფციასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე და გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს იმისთვის, რომ შექმნას, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა“, - აღნიშნა ელჩმა.