პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში არსებულ ინფორმაციას ეფუძნება და ამ საკითხს საგამოძიებო კომისია არ სჭირდება.
როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციას აღნიშნული კომისიის შექმნის იდეა თაროზე ჰქონდა შემოდებული, ახლა კი დაჩქარებული წესით კენჭისყრა უნდა.
„კომისიის ჩამოყალიბების იდეა ოპოზიციას ჯერ კიდევ შარშან ჰქონდა. პირადად მე ვეხვეწებოდი, პლენარულ სხდომაზე გამოეტანათ კენჭისყრაზე და არ გამოჰქონდათ. რა საჩქაროა, რომ რიგგარეშე სხდომას ითხოვენ, არ ვიცი. მითუმეტეს, დღეს პარასკევია და თუ გამოტანაა, დღეს უნდა ყოფილიყო. თაროზე აქვთ შემოდებული, მე ვეუბნებოდი, რომ გამოეტანათ, მაგრამ უარს ამბობდნენ, ახლა დაჩქარებული წესით კენჭისყრა უნდათ.
რაც შეეხება შინაარსს, თუ ამ [აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის] განცხადების საფუძველზეა - აქ საუბარია ღია წყაროებზე. რა საგამოძიებო კომისია სჭირდება ღია წყაროებს, დასხდნენ, „დაგუგლონ“, წაიკითხონ ანგარიშები და მედია რეპორტაჟები მოისმინონ. საუბარია არა რაიმეს გამოძიებაზე, დაკითხვებზე, არამედ იმაზე, რომ როგორც ჩანს, საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რაც საჯარო სივრცეშია და ამას კომისია არ სჭირდება“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საპარლამენტო ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას გეგმავს და პრეზიდენტს მომავალი კვირისთვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს.
საუბარია პარლამენტში ჯერ კიდევ ივნისის თვეში ინიცირებული დადგენილების პროექტის დამტკიცებაზე, რომელიც სწორედ სასამართლოსთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტი პარლამენტში „რეფორმების ჯგუფმა“ დააინიცირა.