აბსოლუტურად მიუღებელია საქართველოს პარლამენტის მიმართ ისეთი დამოკიდებულება, თითქოს საქართველოს პარლამენტი ცდილობს, ვინმე გააჩუმოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ეს მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა იყოს.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიზანი სწორი იყო.
„რაც იყო მიზანი და მიზეზი ამ პროექტის, ყოველდღიურად ვხედავთ, რომ სწორი იყო, რადგან ვხედავთ ორგანიზაციებს, რომლებიც ფინანსდებიან უცხოური წყაროებისგან და ამ წყაროებს არ ასაჯაროებენ. მოგიყვანეთ „დროას“, „სირცხვილიას“ მაგალითი და ა.შ. ზუსტად რადიკალიზმი ფინანსდება. მაგალითად, „სირცხვილიას“ სულ ახლახან ჰქონდა ბანერი. თავისივე განცხადებით ისინი ფინანსდებიან ევროპული და ამერიკული წყაროებისგან. ბანერით ხდება „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზება. ადამიანებს ცეცხლის წაკიდების რომანტიზებას ახდენენ ამ ბანერებით. რაზე უნდა ვისაუბროთ, ამაში იხარჯება ევროპელი და ამერიკელი გადამხდელების ფული. თავისთავად, ამ გამჭვირვალობას ჰქონდა ზუსტად ის მიზანი, რომ ქართული საზოგადოებისთვის ნათელი ყოფილიყო ვინ დგას ამ ორგანიზაციების ფინანსური საკითხების უკან და ა.შ. სამწუხაროდ, ვნახეთ ამასთან დაკავშირებით რა რეაქციაც იყო. შექმნეს „ყრუ კედელი“, დაარქვეს „რუსული კანონი“ იმას, რაც სიტყვა-სიტყვით ამერიკული იყო, მეორეს საერთოდ არაფერი კავშირი არ ჰქონდა რუსულთან. სამწუხაროდ, ამ მხრივ, საზოგადოების ნაწილში მიუღებლობა იყო. შესაბამისად, პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ საქართველოს პარლამენტისთვის დაბრალება, თითქოს პარლამენტი, ხალხის მიერ არჩეული დემოკრატიული ინსტიტუტი, მუშაობს იმაზე, რომ დემოკრატია შეასუსტოს, ეს რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.