შალვა პაპუაშვილი - ზეწოლაზე მოსამართლეთა განცხადებებით ყველა უნდა დაინტერესდეს - მოსამართლის დამოუკიდებლობა კონსტიტუციით გარანტირებულია და თუ კანონმდებლობა ამას ბოლომდე არ უზრუნველყოფს, შეიძლება ამაზე მსჯელობა

ზეწოლაზე მოსამართლეთა განცხადებებით ყველა უნდა დაინტერესდეს - მოსამართლის დამოუკიდებლობა კონსტიტუციით გარანტირებულია და თუ კანონმდებლობა ამას ბოლომდე არ უზრუნველყოფს, შეიძლება ამაზე მსჯელობა, - ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "ხალხის ძალის" განცხადებას, რომელიც სასამართლო სისტემაში "უცხო ძალის აგენტებზე" საუბრობს და "ქართულ ოცნებას" სამართლებრივი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

კითხვაზე, თუ რატომ მოუწოდებენ სამართლებრივი ზომების მიღებისკენ "ქართულ ოცნებას", როცა მსგავს ზომებს შესაბამისი სტრუქტურები იღებენ, თუ საუბარია რაიმე საკანონმდებლო ცვლილებებზე, პაპუაშვილი აცხადებს, რომ ამაზე "ვერაფერს იტყვის", თუმცა, როცა ასეთი საკითხები ესმით, ყოველთვის ფიქრობენ, ხომ არ არის საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროება.

"სამართლებრივ ზომებს რაც შეეხება, ვერ გეტყვით ამასთან დაკავშირებით ვერაფერს, ერთადერთი რამ შეიძლება ითქვას, მოსამართლის დამოუკიდებლობა და მის საქმიანობაში ჩაურევლობა კონსტიტუციით გარანტირებულია და შესაბამისად, უნდა იყოს უზრუნველყოფილი კანონმდებლობით, თუკი დღევანდელი კანონმდებლობა ამას ბოლომდე არ უზრუნველყოფს, ამ განცხადებიდან გამომდინარე, შეიძლება ამაზე მსჯელობა.

ვერ გეტყვით ამაზე ვერაფერს, საქმე იმაშია, რომ ჩვენ, როგორც საკანონმდებლო ორგანო, როცა ვისმენთ ასეთ საკითხებს, ყოველთვის იმაზე ვფიქრობთ, არის თუ არა რაიმე საკანონმდებლო საჭიროებები", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, როცა მოსამართლეები ზეწოლაზე საუბრობენ, ეს სერიოზულ განცხადებად უნდა მივიღოთ და "ამით ყველა დაინტერესდეს".

"გუშინ ჩვენ მოვისმინეთ ქართველი მოსამართლის განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ მასზე მიდიოდა ზეწოლა. მანამდე მოვისმინეთ მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ მისგან ითხოვდნენ ანგარიშს და ა.შ. ჩვენ ეს არ უნდა მივიღოთ ჩვეულებრივ კომენტარებად, ეს სერიოზული განცხადებაა და ამით უნდა დაინტერესდეს ყველა, თუ რა დგას ამის უკან და მოლოდინი გვაქვს, რომ ამ საკითხზე მოსამართლეები უფრო დეტალურად ისაუბრებენ, რადგან ეს არის მძიმე ფაქტი, თუ ვინმე რაიმე ზემოქმედებას ახდენდა მოსამართლეებზე.

რაც შეეხება ამა თუ მოსამართლეების ჯგუფს, ჩვენ მოვისმინეთ კომენტარებში მცდელობა სასამართლოში რაღაც დაყოფისა - კარგებად და ცუდებად, პოლარიზაციის ახალი კერის გაჩენისა, რომ თითქოს არსებობენ კარგი და ცუდი მოსამართლეები. მიუღებელია რა თქმა უნდა, თუკი ამას აცხადებენ უცხო ქვეყნის წარმომადგენლები, თუკი ხდება ქართული მართლმსაჯულების დაყოფა კარგ და ცუდ მოსამართლეებად, ეს არის დისკრედიტაცია სასამართლოსი.

მე ზოგადად ვფიქრობ, რომ ცუდ და კარგ მოსამართლეებად არ უნდა დავყოთ, თუკი რაიმე არსებობს, უნდა დასახელდეს, სად და როგორ არის,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა