ასე გამოიყურება შეშინებული ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანი, ე.წ. პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მათ ეშინიათ 9 აპრილს დაგეგმილი აქციის, რადგან იციან, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იქნება,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მთავრობა, მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიას ღობავს. როგორც მან აღნიშნა, მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს და დაგეგმილია სკვერის მოწყობა, არსებული ინფრასტრუქტურის განახლება.
„ასე გამოიყურება შეშინებული ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანი, ე.წ. პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მათ ეშინიათ 9 აპრილს დაგეგმილი აქციის, მათ ეშინიათ საქართველოს მოქალაქეების პროტესტის, საქართველოს მოქალაქეების აჯანყების და საქართველოს მოქალაქეების სიმტკიცის, ერთსულოვნების, ერთობის.
ყველამ კარგად ვნახეთ, რომ 9 აპრილს დაგეგმილი აქცია არ არის მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის პროტესტი, ეს არის ეროვნული პროტესტი. ეს არის სახალხო პროტესტი, რომელსაც ღიად უერთდებიან პრეზიდენტები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები და სამოქალაქო საზოგადოება, მომღერლები, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, სტუდენტები და ახალგაზრდები. ირაკლი ღარიბაშვილს და ბიძინა ივანიშვილს აიძულებენ ააგონ ბარიკადები, გამოიყენონ მდგომარეობა და დაკეტონ მთავარი მაგისტრალი, რომელიც აკავშირებს დასავლეთ საქართველოს, აღმოსავლეთ საქართველოსთან და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შეინარჩუნო მიტაცებული სახელმწიფო და ძალაუფლება“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.
კომენტარი ასევე გააკეთა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემაც. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ძალიან დიდ საერთაშორისო იზოლაციაშია და ხალხისგან იზოლირებას და დისტანცირებას ცდილობენ.
„კორუმპირებული შევარდნაძის შემდეგ, აღარ ყოფილა ჯებირები. ეს ჯებირები დაანგრია მიხეილ სააკაშვილმა, დაანგრია ზურაბ ჟვანიამ და მას შემდეგ აქ ადამიანებს თავისუფლად შეძლოთ შეკრება. იციან, რომ 9 აპრილს იქნება ძალიან ბევრი ადამიანი. იციან, რომ არიან ძალიან დიდ საერთაშორისო იზოლაციაში და ახლა ხალხისგან იზოლირებას და დისტანცირებას ცდილობენ. ეს ჯებირები კი არა, ჩინეთის კედლის ზომის ჯებირები რომ ააშენონ, ვერ უშველის ამ მთავრობას გაბრაზებული ხალხისგან“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.