საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანა არ იმსახურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება პოლარიზაციის გაღრმავების მიზეზი გახდეს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ქვეყანა არ იმსახურებს, რომ ეს საკითხი პოლარიზაციის გაღრმავების მიზეზიც გახდეს. არც შიდა ძალებს შორის და არც ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან ურთიერთობაში. მეგობარმა ქვეყანამ, შესაძლოა, დაუნდობლად გვითხრა სათქმელი, მაგრამ კი ნუ გავიბუტებით, ნუ გავბრაზდებით, ნუ გვიხარია, გავაანალიზოთ რა მოხდა, რატომ, რა არის გამოსასწორებელი. მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ სხვა შეფასებასაც ვიმსახურებთ და მიზანსაც მივაღწევთ, რაც ძალიან გაგვიხარდება“,- აღნიშნავს პრეზიდენტი.