„სტრატეგია აღმაშენებელი“ პარტიის რიგით მეოთხე ყრილობას მართავს. ყრილობაზე პოლიტსაბჭოს წევრებს და პარტიის თავმჯდომარეს აირჩევენ.
როგორც „სტრატეგია აღმაშენებელში” აცხადებენ, მათ პოლიტიკურ საბჭოს ორი ახალი წევრი - მანანა ჯებაშვილი და გიორგი თევდორაძე ემატებიან.
აღსანიშნავია, რომ ყრილობას მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებიან სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც, მათ შორის „ლელოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე და პარტია „კანონი და სამართლის” ლიდერი თამარ ჩარკვიანი.
„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრებენ იმ რეფორმების შინაარსობრივ ნაწილზეც, რომლის შემუშავებასაც მოქალაქეებთან მუშაობის შედეგად გეგმავენ.
„ჩვენთვის მთავარი არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მითუმეტეს, რომ ხელისუფლება, რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალა „ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი. ისინი მტრად აცხადებენ ჩვენს მეგობრებს, ხოლო მტერი, რუსეთის სახით, უნდათ, რომ მეგობრად გამოგვიცხადონ. ამას არ შევეგუებით. გამოსავალი არის ერთიანობაში, თავგანწირვაში, ერთად დგომაში. ამის პარალელურად აქტიური მუშაობა უნდა დავიწყოთ მოქალაქეებთან, რათა შევქმნათ რეფორმების პაკეტი. ხელისუფლების ცვლილება მოახლოებულია და ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რა რეფორმების გატარებას ვაპირებთ საქართველოში”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.