არანაირი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ ეს რეჟიმი არსებით ცვლილებებს განახორციელებს - რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივას, არ მესმის, რა უნდა გამოიძიონ ამ არალეგიტიმურ პარლამენტში?!- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ მოსამართლეების დასანქცირების თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, თავისუფალ სამყაროში დაბრუნების ერთადერთი გზა „არსებული რეჟიმის გამოცვლაა”.
„არანაირი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ ეს რეჟიმი არსებით ცვლილებებს განახორციელებს, დეკორატიულ ცვლილებებს კი არც უნდა დავთანხმდეთ. ამ რეჟიმის გამოცვლის გარდა, სხვა გზა ჩვენი ისტორიული მისიის შესრულებისა და თავისუფალ სამყაროში დაბრუნების, დაცულობის, თავისუფლების და უსაფრთხოების, არ არსებობს. ეს არის ერთადერთი დასკვნა, რაც უნდა გამოვიტანოთ. რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივას [საგამოძიებო კომისიის შექმნაზე], არ მესმის, რაში მდგომარეობს ეს ინიციატივა, რა უნდა გამოიძიონ ამ არალეგიტიმურ პარლამენტში? ჩემთვის ეს გაუგებარია. ვერავინ დააზუსტა, რა ამოცანას ემსახურება. აქამდეც იყო რამდენიმე მცდელობა, რაც ნორმალურ ვითარებაში, ნორმალურ პარლამენტში ბუნებრივი იქნებოდა. მაგრამ ჩვენ ნორმალურ ვითარებაში არ ვართ და მკაფიო უნდა იყოს გზავნილი, რის მიღწევას აპირებენ, მითუმეტეს, როდესაც აქამდე ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ბოკერიას შეფასებით, მოსამართლეების დასანქცირება შეხსენებაა, რომ სანამ ეს ხელისუფლებაა, საქართველო საერთაშორისო იზოლაციის გზაზე დგას.
„ეს [მოსამართლეების დასანქცირება] მეტყველებს არა მხოლოდ პოლიტიკურ კორუფციაზე, არამედ კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, რომ სანამ ეს ხელისუფლება გვყავს, მანამდე ჩვენ საერთაშორისო იზოლაციის გზაზე ვდგავართ. ამიტომ ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, რომ ეს რეჟიმი დემოკრატიული გზით შევცვალოთ, რათა მარტო არ დავრჩეთ რუსეთის წინააღმდეგ”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
რაც შეეხება მიმდინარე პროცესებში პრეზიდენტის როლს, ბოკერია ამბობს, რომ მის გადამწყვეტ როლს ჯერჯერობით ვერ ხედავს და „ის შეზღუდული ინსტრუმენტებიც, რომელიც აქვს, არ გამოუყენებია”.
„პრეზიდენტმა თქვა, „ივანიშვილის წასვლის შემდეგ წავიდა საქმე ცუდად“. ამ ფრაზის შემდეგ, მისი არცერთი სიტყვა მომავალ ნაბიჯებთან დაკავშირებით, დამაჯერებელი არაა. თუ ვცდები, მოხარული ვიქნები. ჯერჯერობით, ვერ ვხედავ მის გადამწყვეტ როლს, გარდა პერიოდულად ადეკვატური განცხადებებისა, რომელსაც ადეკვატური ნაბიჯები არ მოჰყვება. ის შეზღუდული ინსტრუმენტებიც, რომელიც აქვს, არ გამოუყენებია. ხელისუფლებას მიმართავდა, არ შევწიროთ ქვეყანა იმ 4 ადამიანსო, მაგრამ ამავე დროს ამბობს, ყველანი გავერთიანდეთო. ვერ წავალთ წინ, ვერ გავერთიანდებით იმ ხალხთან, ვინც დასავლეთში მტერს ხედავს, შესაბამისად, პუტინში - მოკავშირეს. ამიტომ, საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ დემოკრატიული, დასავლური, ქართული მომავლის გარშემო. ამ გაერთიანების აუცილებელი პირობა კი ამ რეჟიმის დემოკრატიული გზით დამარცხებაა”,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.