ირაკლი კობახიძეს სხვაგვარი პოზიცია ვერ ექნება, ის არის ამ სისტემის ერთ-ერთი შემოქმედი და ცხადია, რომ ირაკლი კობახიძის ინტერესებში „კლანის“ რღვევა არ შედის, - ასე გამოეხმაურა პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას.
მისი თქმით, თითოეულმა მოსამართლემ ახლა უნდა იგრძნოს, რომ მას შეუძლია „კლანის“ ზემოქმედებას წინ აღუდგეს.
„აშშ-ს მიერ 4 მოსამართლისთვის აკრძალვის გამოცხადება არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ჩვენი ხალხის მხარდასაჭერად და ჩვენი სასამართლოს გათავისუფლების პროცესის დასაწყებად. შესაბამისად, კვლავ თუ გაგრძელდება უმსგავსო გადაწყვეტილებები, რომელიც ნაკარნახევი „კლანის“ წევრების მიერ იქნება, რა თქმა უნდა, ეს სია გაიზრდება, მე ამაში ეჭვი არ მეპარება, იმიტომ, რომ ამოცანა არის ის, რომ ყველა მოსამართლემ ერთხელ და სამუდამოდ გაითავისოს, რომ მის სინდისზეა დამოკიდებული სასამართლოს დამოუკიდებლობა. თითოეულმა მოსამართლემ ახლა უნდა იგრძნოს, რომ მას შეუძლია „კლანის“ ზემოქმედებას წინ აღუდგეს, ეს არის უმნიშვნელოვანესი სიგნალი და უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერა ჩვენი სასამართლოს დამოუკიდებლობისადმი, რომელიც აშშ-მ გააკეთა.
ირაკლი კობახიძეს სხვაგვარი პოზიცია ვერ ექნება, ის არის ამ სისტემის ერთ-ერთი შემოქმედი და ცხადია, რომ კობახიძის ინტერესებში „კლანის“ რღვევა არ შედის. შესაბამისად, მისთვის ეს ძალიან უსიამოვნო გადაწყვეტილება იყო და მისგან ასეთ უმსგავსო შეფასებებსაც უნდა ველოდოთ. აშშ-ს სუვერენული უფლებაა დაასანქციროს ესა თუ ის პირი და აშშ-ს ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალოს, მას არანაირი ვალდებულება არ აქვს, რომ მტკიცებულებები წარუდგინონ კობახიძეს, რომელსაც უამრავი მტკიცებულება აქვს, რომ სურდეს მას ამ მტკიცებულებების შეგროვება, ძალიან კარგად იცის შიგნიდან ის სისტემა, რომლის ერთ-ერთი შემოქმედი თვითონ არის“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე აშშ-ის მხრიდან ოთხი მოსამართლის მიმართ სანქციებს გამოეხმაურა და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა მოითხოვა, რა მტკიცებულებებს ან წყაროებს ეფუძნებოდა გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო მდივნის სახელით დაიდო.
„სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ მოვითხოვეთ მტკიცებულებები, ელჩს მოუწია უკან დახევა და იმის თქმა, რომ ეს არის სავიზო შეზღუდვა და არა სანქცია. სინამდვილეში ეს იყო უკან დახევა და მიზეზი იყო ის, რომ ჩვენ მოვითხოვეთ მტკიცებულებები“.