9 აპრილს, 17:00 საათზე ჩვენთან ერთად დგომა არის ღირსების საკითხი, რათა გადავარჩინოთ საქართველოს თავისუფლება და ევროპული მომავალი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულმა მდივანმა იგორ ნარმანიამ განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, აქციის კამპანიის ფარგლებში, იგორ ნარმანიამ და ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის თავმჯდომარე ტიტე გედენიძემ, სხვა ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად, თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს.
იგორ ნარმანიას თქმით, ამ აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ლაზარე გრიგორიადისის და პოლიტპატიმრების გათავისუფლება იქნება, რომლებიც პირდაპირ რუსული სასამართლოს, ამერიკის შეერთებული შტატებისგან სანქცირებული სასამართლოს მიერ არიან დაკავებულები.
„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 32 წლის შემდეგ, ბრძოლა ისევ გრძელდება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისათვის. 7-8 მარტის მოვლენები ცხადყოფს, რომ საფრთხე არის ძალიან რეალური სახელმწიფოებრიობის დაკარგვისა. ჩვენი მთავარი მოთხოვნები იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამებრძოლის ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომელიც არის პირდაპირ დაკავებული რუსული სასამართლოს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების სანქცირებული სასამართლოს მიერ. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც ციხეში კლავს პირდაპირ ბიძინა ივანიშვილი და მთავარი ოპოზიციური მედიის დამფუძნებელი ნიკა გვარამია. დღეს, 9 აპრილს, 17:00 საათზე ჩვენთან ერთად დგომა არის ღირსების საკითხი, რათა დავიცვათ და გადავარჩინოთ საქართველოს თავისუფლება და ევროპული მომავალი“, - განაცხადა იგორ ნარმანიამ.
ტიტე გედენიძემ კი აღნიშნა, რომ ან საქართველო აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის, რომელსაც შეეწირნენ 32 წლის წინ ჩვენი წინაპრები ან ვჩერდებით და ვატოვებთ ქვეყანას რუს ოლიგარქს.
„დღეს საკითხი დგას შემდეგნაირად, რომ ან უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი თავისუფლებისთვის, ევროპული მომავლისთვის, იმ ღირებულებებისთვის, რასაც შეეწირნენ 32 წლის წინ ჩვენი წინაპრები ან ვჩერდებით და ვატოვებთ ქვეყანას რუს ოლიგარქს. ამიტომ, კიდევ ერთხელ ჩვენი საზოგადოება დღეს უნდა შეიკრიბოს და კიდევ ერთხელ უნდა უთხრას რუს ოლიგარქს და რუსეთს - არა, რომ ჩვენ არ გავჩერდებით და არ დავუტოვებთ მათ ქვეყანას“, - განაცხადა ტიტე გედენიძემ.
მანვე აღნიშნა, რომ 18:00 საათზე ახალგაზრდები აქციას რუსთაველის მეტროდან მსვლელობით შეუერთდებიან.
„დღეს 17:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ იკრიბება მთელი საქართველო, ხოლო ახალგაზრდები უკვე 18:00 საათზე შევუერთდებით ამ აქციას მსვლელობით რუსთაველის მეტროდან“, - განაცხადა ტიტე გედენიძემ.
ცნობისთვის, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აქციას გამართავს. აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე 17:00 საათზე დაიწყება.