პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების შეკრებაზე “ქართული ოცნების” ქალი ლიდერები არ დაუნახავს.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დასმული აქცენტები ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
“ვფიქრობ, რომ ის აქცენტები, რაც დღეს დაისვა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გავიხსენეთ ის საკმაოდ რთული გზა, რომელიც ამ ქვეყანამ გაიარა საკუთარი სუვერენული სახელმწიფოს შესაქმნელად, ასევე გავიხსენეთ ვინ უქმნის საფრთხეს ამ სუვერენულ სახელმწიფოს და ეს არის ,,რუსეთის ფედერაცია”. დღეს იმისთვის, რომ ჩვენ დაცული ვიყოთ და უკან არ გვიწევდეს ყურება და გამართულად ცხოვრება შეგვეძლოს დამოუკიდებელ საქართველოში, ჩვენ გვჭირდება ქვეყნის ინტეგრაცია ევროპაში. სამწუხაროა, რომ ამ გზავნილებს რაც იყო ერთიანობა, ქვეყნის სუვერენიტეტი, ევროპული მომავალი, დღეს გაემიჯნა ერთადერთი პოლიტიკური ძალა - მართველი გუნდი “ქართულო ოცნების” სახით, რომელმაც საკუთარი წარმომადგენლების მონაწილეობა ამ ღონისძიებაში არ ჩათვალა მიზანშეწონილად”, - განაცხადა სამადაშვილმა.