პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის, ეკა ბესელიას განცხადებით, აშშ-ს მიერ გამოცხადებული სანქციები გამოსაფხიზლებელი იქნება, არამხოლოდ 4 მოსამართლისთვის, არამედ სხვებისთვისაც, ვინც ქართველ ხალხს სამართალს ართმევს.
მისივე თქმით, აშშ-ს გადაწყვეტილება 4 მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით მოულოდნელი არ იყო.
“ჩემთვის აშშ-ს გადაწყვეტილება 4 მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით მოულოდნელი არ იყო. ეს ლოგიკური იყო, როდესაც აკეთებ ყველაფერს, რომ შენ დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და მართლმსაჯულებას ლახვარი ჩასცე, ასეთი მაფიოზური, ორგანიზებული და “კლანური” მმართველობის სტილით, რომელშიც ჩართული არის, არა მხოლოდ დასანქცირებული 4 მოსამართლე, არამედ პოლიტიკოსების ის ჯგუფი, რომელიც კობახიძის მეთაურობით ამ “კლანს” აძლიერებს, რომელიც ამ “კლანთან” ერთად ცდილობს, რომ პოლიტიზებული და მართვადი სასამართლო იყოს. იმ 9 წლიან რეჟიმს, რომ იხსენებენ, ეს ის მოსამართლეები არიან უმეტესობა, ვინც იმ პერიოდში იმ უსამართლო სამართალს ქმნიდა. დღეს სწორედ მათ ეყრდნობა მმართველი პარტია და ნახეთ, როგორ იცავს პოლიტიკური ჯგუფი ამ მოსამართლეებს. ეს არის ღია მტკიცებულება და აღიარება, ის მტკიცებულებები, რომ ამბობენ, რომ სად არის? აი, სად არის. მათ შორის, ღია კავშირის და ალიანსის. ეს სია ამით არ დასრულდება, სხვებსაც უნდა ესმოდეს, რომ ამერიკაში შვილების დაბადება ან შვილების სასწავლებლად გაგზავნა, რომ უნდათ, ამ ქვეყანას თავს კი არ უნდა ესხმოდე, არამედ უნდა მიიღო ის მხარდაჭერა მათ წლების განმავლობაში საქართველოს დემოკრატიისთვის გაკეთებული, რომ აქვს. ეს სანქციები გამოსაფხიზლებელი იქნება, არამხოლოდ ამ 4 ადამიანისთვის, არამედ სხვებისთვისაც, ვინც ქართველ ხალხს სამართალს ართმევს”,- განაცხადა ბესელიამ.
ამასთან, ბესელიას განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების შეკრებაზე “ქართული ოცნების” ქალი ლიდერების არ დასწრება, მათი მხრიდან “სამწუხარო ქმედებაა”.
“დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი მოიწვევდა ქალებს მმართველი პარტიიდან. იმიტომ, რომ პოლარიზაციის დასრულება, რაც არის მნიშვნელოვანი პუნქტი 12 პუნქტიან დღის წესრიგში და რასაც პრეზიდენტი ცდილობს, ის პირველ რიგში სწორედ ამას აკეთებს, რომ ყველას ხელს უწვდის და რომ არ მივდნენ, ეს მათი ცუდი არჩევანია”, - განაცხადა ბესელიამ.