საგამოძიებო კომისია ფრთხილი მოლოდინებით და ოპტიმიზმით უნდა შევქმნათ, რადგან ვინც ოპოზიციაშია, ყველა ოპოზიცია არ არის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 4 მოსამართლის თაობაზე აშშ-ის პოზიციის რევიზიას არ აპირებენ და კომისიამ სხვა მოსამართლეებთან დაკავშირებული ფაქტები უნდა გამოიძიოს.
„რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“, რა თქმა უნდა, უარს არ ვეტყვით კოლეგებს, მაგრამ მოლოდინი მაქვს ფრთხილი, რადგან ყველას, ვისაც ოპოზიცია ჰქვია, ოპოზიცია არ არის და ეს სერიოზული პრობლემაა. გადაწყვეტილებები კომისიაში მიიღება ხმების უმრავლესობით. მართალია, უმრავლესობა არ შეიძლება იყოს უმრავლესობა, მაგრამ ერთი სოციალისტის ყოფნაც კი, ფრიდონ ინჯიას წარმომადგენლის ყოფნაც კი დაბლოკავს ყველა პროცესს, ეს ხალხი არის „ქოცზე“ უფრო „ქოცი“, ეს არის ფაქტი, მოცემულობა და არც თავად უარყოფს - რომ ჰკითხოთ, ოპოზიციასთან უფრო ახლოსაა თუ ოპოზიციასთან, იტყვის, რომ „ოცნებასთან“. იმ 4 მოსამართლესთან დაკავშირებით, ამერიკამ ვისზეც თქვა, რომ კორუფციასთან დაკავშირებით ფაქტები აქვს, ამის რევიზიას არ ვაპირებთ, სხვა მოსამართლეებზე კი ბატონო შევქმნათ საგამოძიებო კომისია, მაგრამ ფრთხილი მოლოდინებით და ოპტიმიზმით, რადგან ვინც ოპოზიციაშია, ყველა ოპოზიცია არ არის,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.
ის, ასევე, გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დაგეგმილ შეხვედრას და აღნიშნა, რომ ხელისუფლების სამივე შტო არაფორმალურად იმართება.
„კლანი“, ღარიბაშვილი, კობახიძე ანუ ხელისუფლების სამივე შტო უზურპირებულია არაფორმალური მმართველობის მიერ. რასაც წარმოადგენს „კლანი“ სასამართლოში, იგივეს წარმოადგენს კობახიძე პარლამენტში და ღარიბაშვილი მთავრობაში. საერთო ჯამში, ეს ძალაუფლება მიდის ივანიშვილთან, ცალკე „კლანი“ არ არსებობს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის „კლანი“, სამივე შტო ხელისუფლების მის მიერ არის უზურპირებული,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.