გია ხუხაშვილი - გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ მარტის აქციების მონაწილეთა უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი არ იყო - ლევან ხაბეიშვილმა ამომრჩევლის თვალში კრახი განიცადა

„ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი გახლეჩილია, ეს გუშინდელ აქციაზე ჩანდა. სიმწირე იყო როგორც ლიდერების, ასევე მხარდამჭერების, - ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი შეფასებით, გუშინ, პარლამენტის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულმა აქციამ აჩვენა, რომ 7-9 მარტის აქციების მონაწილეთა უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი არ იყო და პარტიას სერიოზული პრობლემები აქვს.

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ გუშინდელი აქცია ძალიან პრინციპული იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ დავინახეთ, რომ ძალიან სერიოზული პრობლემები აქვთ, როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი. ვფიქრობ, სისტემური შეცდომები დაუშვეს პოლიტიკურ დღის წესრიგთან დაკავშირებით. პირველი, არ შეიძლება სახელმწიფო დღესასწაულზე ადგილის და მომენტის დამთხვევა, ეს თავისთავად უკვე მეტყველებს გარკვეულ სისუსტეზე და არცთუ ჯანსაღ ამბიციაზე. გარდა ამისა, ისევ მიხეილ სააკაშვილის თემაზე იყო საუბარი, რადგან სხვა არაფერი გააჩნიათ. მესამე შეცდომა გახლავთ ის, რომ ამ პარტიამ გადაწყვიტა, თვითონ დადგეს ისევ და ისევ ოპოზიციური მოძრაობის ცენტრში ანუ, ამ ფლანგზე დომინირებდეს. თუ მათ უნდოდათ შიდასახელმწიფოებრივ, რეალურ პრობლემებზე საუბარი, მაშინ ეს აქცია უნდა დაგეგმილიყო მულტიპარტიულ რეჟიმში, წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე. სხვათა შორის, ასე იქცეოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წინა ხელმძღვანელობა, მაგრამ დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობა“ დაუბრუნდა რეჟიმს,როდესაც ის ფაქტობრივად, იბრძვის არა სახელმწიფოებრივი პრობლემების გადაწყვეტისთვის, არამედ საკუთარი პოზიციონირებისთვის“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, გუშინ ლევან ხაბეიშვილმა ამომრჩევლის თვალში კრახი განიცადა.

გია ხუხაშვილის შეფასებით, გუშინდელმა აქციამ ასევე, აჩვენა, რომ ლევან ხაბეიშვილის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას კრიტიკა სპეკულაცია იყო.

„სრული ფიასკო აჩვენა. გუშინდელმა აქციამ აჩვენა ისიც, რომ ეს ყველაფერი იყო სპეკულაცია. მისი არგუმენტები მელიას ოპონირების პერიოდში აბსოლუტური სპეკულაცია იყო. მელია ბევრად უფრო ეფექტური იყო ყველა ფრონტზე, იქნებოდა ეს პარლამენტში მისი გამოსვლები თუ აქციების ორგანიზება. ის ახერხებდა ოპოზიციურ ფლანგზე პარტიებთან კოლეგიალურ თანამშრომლობას. ჩვენ ვხედავდით, რომ პარტიები ერთად იდგნენ. ახლა არცერთ პარტიას აღარ უნდა ხაბეიშვილთან თანამშრომლობა გასაგები მიზეზების გამო. „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი რესურსი არ აქვს იმისა, რომ რეალური პრობლემები შეუქმნას ხელისუფლებას. პირიქით, ხელისუფლების ინტერესებშია ამ ტიპის მოქმედებები, როდესაც „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხარჯზე ინარჩუნებს ხელისუფლებას და „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს დარჩეს მეორე პოლუსის მთავარი მოქმედი პირი. ერთგვარი სიმბიოზი შექმნეს მათ, როდესაც ერთმანეთს კვებავენ და აძლიერებენ.

ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ყველა ამომრჩეველი მიხდება, რომ მათ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს, როდესაც ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარე გახდა. ის ძალიან მყვირალაა და ხმამაღლა ცდილობს ისაუბროს, მაგრამ მისი სიტყვები საზოგადოებამდე ვერ მიდის. მას არა აქვს არანაირი თვისებები, რაც სერიოზული პარტიის ლიდერისთვის დამახასიათებელი უნდა იყოს. დაპირებები კარგია, მაგრამ ფაქტია, ის ვერცერთი დაპირების რეალიზებას ვერ შეძლებს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი