„ქართული ოცნება“ ცდილობს დაუსაბუთებლად, ნაჩქარევად იმ კანონის მიღებას, რომელიც პირდაპირ ვნებს ბათუმს. ეს პირდაპირ მინდა შევაფასო, როგორც ურბანული გენოციდი, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით ხაჯიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სამშენებლო ამნისტიის კანონპროექტი ბათუმში მცხოვრები მოქალაქეების პრობლემას ვერ აგვარებს. ხაჯიშვილი აცხადებს, რომ მათ აქვთ ალტერნატიული შეთავაზებები და ხელისუფლებას სთავაზობს, საკითხზე პროფესიულ წრეებთან ერთად იმუშაონ.
„დღეს დარგობრივი კომიტეტი განიხილავს სამშენებლო ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, რომელიც ბათუმს ეხება. როგორც ყოველთვის, „ქართული ოცნება“ ცდილობს საკუთარი პარტიული ინტერესები დააყენოს საზოგადოების უსაფრთხოებაზე მაღლა და არაკეთილსინდისიერ ბიზნესმენებთან შეთქმულებაში შედის ქალაქისა და იქ მაცხოვრებელი მოსახლეობის წინააღმდეგ. ცდილობს დაუსაბუთებლად, ნაჩქარევად იმ კანონის მიღებას, რომელიც პირდაპირ ვნებს ქალაქ ბათუმს. ეს პირდაპირ მინდა შევაფასო, როგორც ურბანული გენოციდი. რეალურად ბათუმში არის პრობლემა, მოსახლეობა ვერ ირეგისტრირებს თავის ქონებას, მაგრამ ეს კანონი ამ პრობლემას ბოლომდე ვერ აგვარებს. ჩვენ გვაქვს ალტერნატიული შეთავაზებები, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. ხელისუფლებას ვთავაზობთ, რომ ჩაერთოს და პროფესიული წრეების მაქსიმალური ჩართულობით შევქმნათ ისეთი კანონპროექტი, რომელიც მოაგვარებს პრობლემას და ქალაქი არ მიიღებს უფრო საშინელ და მახინჯ ფორმას, რომელიც დღეს გაგვაჩნია ბათუმში,“ - განაცხადა ხაჯიშვილმა.