სასამართლო ჩვენი მმართველობის დროს გახდა დამოუკიდებელი და თავისუფალი ყოველგვარი ჩარევებისგან, როგორც შიდა, ასევე სხვა ქვეყნების მხრიდან - მიუღებელია ყოველგვარი ჩარევა ან რაიმე გავლენის მოხდება მოსამართლეებზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესა და წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პრემიერი მოსამართლეებს მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა სასამართლოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება დაიცვას.
„ჩემი მთავარი გზავნილი იყო და არის შემდეგი - მე როგორც მთავრობის მეთაური და მმართველი გუნდის წარმომადგენელი, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს. სასამართლო ჩვენი მმართველობის დროს გახდა დამოუკიდებელი და თავისუფალი ყოველგვარი ჩარევებისგან - როგორც შიდა, ასევე სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევებისგან. რა თქმა უნდა, მიუღებელია ყოველგვარი ჩარევა ან რაიმე გავლენის მოხდება მოსამართლეებზე. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩემთვის, მითუმეტეს სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოსა და მოსამართლეებზე. მე ასევე დავუდასტურე მოსამართლეებს ჩვენი სრული მხარდაჭერა. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ სასამართლოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება ყოველგვარი ჩარევებისა და ზეწოლისგან, ეს არის ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა და მთავარი მიზანი, რომლისკენაც ვისწრაფვით. ბოლო 10 წლის განმავლობაში სასამართლოში ფუნდამენტური რეფორმები გავატარეთ, რათა სასამართლო გამხდარიყო ისეთი, როგორიც დღესაა - დამოუკიდებელი, თავისუფალი ყოველგვარ ჩარევებისგან“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.