არცერთი მტკიცებულება არ გვინახავს, რომელიც თან ახლავდა ამ გადაწყვეტილებას. ჩემთვის დიდი კითხვის ნიშანს აჩენს ეს გადაწყვეტილება. სამწუხაროა და გაუგებარი, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ს მიერ მოსამართლეების დასანქცირებას გამოეხმაურა.
პრემიერი იმედოვნებს, რომ სიმართლე გაირკვევა.
„არცერთი მტკიცებულება არ გვინახავს, რომელიც თან ახლავდა ამ გადაწყვეტილებას. ჩემთვის დიდი კითხვის ნიშანს აჩენს ეს გადაწყვეტილება. სამწუხაროა და გაუგებარი. ვფიქრობ, სიმართლე გაირკვევა. ჩვენ საუბარი გვექნება ჩვენს პარტნიორებთან, არცერთი კითხვა არ დარჩება პასუხგაუცემელი.
ეს ჩემთვისაც სიურპრიზი იყო. არასდროს მომისმენია, რომ გარკვეული კითხვები არსებობდა. თუ ვინმეს ასეთი ფაქტები აქვს, მზად ვართ, რომ მოვისმინოთ. მინდა ვთქვა, რომ მიუღებელია და დაუშვებელია სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელ სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევა. ხელისუფლებები, მთავრობები ყველაფერს აკეთებენ, რომ მაქსიმალურად გააძლიერონ სასამართლოს დამოუკიდებლობა. ყველა ქვეყანაში ერთგვარი ტაბუა, რომ არ შეიძლება, მიუღებელია, უკანონოა, მოსამართლეზე ზეწოლა და სასამართლოში ჩარევა. ჩვენ ამ პოლიტიკას მივყვებით, კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ. ჩვენი საერთო სურვილია, კიდევ უფრო მეტად დამოუკიდებელი, თავისუფალი ძლიერი სასამართლო გვქონდეს“,-აღნიშნავს პრემიერი.