მართლმსაჯულების ინდექსის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის 11 წევრ ქვეყანას და ნატოს წევრ 13 ქვეყანას უსწრებს, სასამართლოს მიმართ ნდობა ისტორიულ მაქსიმუმზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ, უზენაეს სასამართლოში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეებს სიამაყის განცდა უნდა ჰქონდეთ იმის გამო, რომ ჩვენი სასამართლო ბევრ ევროპულ სასამართლოზე წინ დგას.
„თქვენ, როგორც მოქალაქეს, უნდა გქონდეთ სიამაყის განცდა იმისა, რომ ჩვენი სასამართლო ბევრ ევროპულ სასამართლოზე წინ დგას. ეს ერთი და მე გთხოვთ, რომ ყველამ ძალიან დიდი პატივისცემით მოიხსენიოთ ყველა მოსამართლე და მიმართოთ პატივისცემით. ამას მოვითხოვ მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ იყოთ კორექტულნი და კორექტულად მიმართოთ ადამიანებს და მოქალაქეებს. მართლმსაჯულების ინდექსის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა (მათ შორის კორუფციის აღქმის რეიტინგებში) ევროკავშირის 11 წევრ ქვეყანას და ნატოს წევრ 13 ქვეყანას უსწრებს. სასამართლოს მიმართ ნდობა არის ისტორიულ მაქსიმუმზე. წინა ხელისუფლების დროს იყო თითქმის ნულზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე, როგორც მთავრობის მეთაური, გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ სასამართლო იყოს დაცული ნებისმიერი ჩარევისგან როგორც მთავრობის, თუ მთავრობის წევრების, როგორც საშინაო თუ საგარეო ჩარევებისგან. მე მგონი, ყველაფერი გასაგებია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ყველა ის მოსამართლე, რომელზეც გავრცელდა აშშ-ის გადაწყვეტილება, ძალიან მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი მოსამართლეები არიან, რომლებიც მთელი თავისი შეგნებით ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოს გაძლიერებას.
„ყველა ის მოსამართლე, რომელზეც გავრცელდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, მე ვიცი და ყველამ ვიცით, რომ არის ძალიან მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი მოსამართლეები, რომლებიც მთელი თავისი შეგნებით ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სახელმწიფოს გაძლიერებას და შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ აღნიშნულს არ ექნება რაიმე გავლენა. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ყველა ხელისუფალის და თითოეული მოქალაქის ვალდებულება უნდა იყოს და ჩვენი მოვალეობაა, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს მოსამართლეებს მათი ინტერესებისა და სასამართლოს დაცვაში. აი, ამას, მე როგორც პრემიერ-მინისტრი ვაკეთებ და ხვალაც გავაკეთებ კიდევ უფრო მეტი შემართებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.