ირაკლი ღარიბაშვილს არაფერი ესაქმება სასამართლოსთან, არც პირდაპირ და არც ირიბად,- ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პარლამენტის წევრმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრა.
როგორც მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, გაუგებარია, რა მოტივით მიდის პრემიერ-მინისტრი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
„არანაირი შემხებლობა პრემიერ-მინისტრს სასამართლო ხელისუფლებაში არ აქვს. მაგალითად, პრეზიდენტს იუსტიციის საბჭოში შეუძლია წევრები დანიშნოს. პარლამენტსაც შეუძლია მიიღოს კანონი და იუსტიციის საბჭოს წევრები დანიშნოს, მაგრამ ღარიბაშვილს არც იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნა ეკითხება და არც სასამართლოს რეფორმა და დაფინანსება. საერთოდ გაუგებარია, რა მოტივით მიდის ღარიბაშვილი“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვიზიტი ემსახურებოდა მესიჯს, რომ „ბიძინა ჩვენ გვერდით არის, ყველაფერი კარგადაა“.
„ამას იმიტომ აკეთებენ, რომ 2013 წელს შედგა გარიგება ბიძინა ივანიშვილისა და „კლანის“ წევრებს შორის. „კლანის“ წევრებს რა ძალაუფლებაც ჰქონდათ, ბიძინა ივანიშვილმა გადაიბარა. როდესაც აშშ-ს სანქციებში მოყვნენ მოსამართლეები, სისტემა გაიბზარა და დაიწყო ეროზია. ბიძინა ივანიშვილს ხომ ვერ მოაბრუნებენ, ამიტომ მზესთან, ანუ ბიძინასთან ყველაზე ახლოს მჯდომ კაცად ღარიბაშვილი ჩათვალეს და მზის ამბავი გადმოსცეს, ანუ ბიძინას ამბავი.
„კლანის“ შიგნით, მოსამართლეებში გავლენის რღვევა რომ არ იყოს, სასამართლო წევრებისთვის მესიჯი არის, რომ „ბიძინა ჩვენ გვერდით არის, ყველაფერი კარგადაა“. ამას ემსახურებოდა ღარიბაშვილთან შეხვედრა.
როგორც სასამართლო „კლანისთვის“ აქვს ჩაბარებული ბიძინას სასამართლოს მართვა, ისევე „კლანის“ წევრია აღმასრულებელ ხელისუფლებაში ბიძინასთან დაახლოებული ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო მესამე შტოში, პარლამენტში იგივე კლანი მმართავს, ირაკლი კობახიძის სახით. სამივე შტო ერთმანეთთან არიან შეთანხმებული ქმედებებით. ხალხის და საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებენ“, - განაცხადა მანჯგალაძემ და დასძინა, რომ ისინი „ახლა ერთმანეთს ამაგრებენ, რომ სისტემა არ ჩამოიშალოს“.