მნიშვნელოვანია, სასამართლოში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ რეკომენდაციები, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებით არის გაცემული, სრულყოფილად შესრულდეს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სცდება სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებს.
„მე შემიძლია ვისაუბრო იმ რეკომენდაციებსა და პრობლემებზე, რაც სასამართლოსთან დაკავშირებით მთელი ამ წლების მანძილზე გაგვაჩნდა, რაც დაკავშირებული იყო იუსტიციის საბჭოს ფორმირებასთან, თვითონ გამჭვირვალობის პროცესის შემოღებასთან და ა.შ. ეს არის რეკომენდაციების ძირითადი ჩამონათვალი, რაზეც მათ შორის პარლამენტში, სახალხო დამცველის წარმადგენელი ყოველთვის აკეთებდა აქცენტირებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მიმართულებით პარლამენტთან მუშაობას ვაგრძელებთ.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით, დასანქცირებული მოსამართლეებით, ეს პროცესი კიდევ უფრო გართულდება ჩემი აზრით. ამიტომ, მნიშვნელოვანია, სასამართლოში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ რეკომენდაციები, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებით არის გაცემული, სრულყოფილად შესრულდეს, რომ კითხვის ნიშნებს არ ტოვებდეს ამ რეკომენდაციების შესრულება“, - განაცხადა იოსელიანმა.
მისი განმარტებით, სახალხო დამცველი სწავლობს, მათ შორის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს სამართლიანი სასამართლოს უფლების ნაწილში და ამ მიმართულებით ომბუდსმენის აპარატს რიგი რეკომენდაციები აქვს გაცემული.
ცნობისთვის, აშშ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.
როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.