ოპოზიცია სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდა - როცა რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვდნენ, როგორც ჩანს, ბოლომდე სერიოზულად არ ეკიდებოდნენ საკითხს, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა განაცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით პრეზიდენტისთვის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნას და ლევან ხაბეიშვილისა და ანა წითლიძის მიერ ქვეყნის დატოვებას გამოეხმაურა.
კახიანის თქმით, კომისია პარასკევს შეიქმნებოდა თუ სამშაბათს, ამასაც არ ჰქონდა არსებით მნიშვნელობა, ამიტომ მთლიანად მათი მიდგომაა არასერიოზული.
„კომისიის შექმნა საფრთხილო და სარისკო საკითხია, რადგან ოპონენტები ცდილობენ, ეს თემა სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის გამოიყენონ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, როცა რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვდნენ, როგორც ჩანს ბოლომდე სერიოზულად არ ეკიდებოდნენ საკითხს და აღმოაჩინეს, რომ კვორუმიც არ აქვთ. ეს მიუთითებს, რომ მართლაც არასერიოზული იყო დამოკიდებულება, საგამოძიებო კომისია სამშაბათს შეიქმნებოდა თუ პარასკევს, ამას ხომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მათივე მიდგომა არის არასერიოზული და ასე სასაცილო ფორმად გამომჟღავნდა ეს ყველაფერი“, - განაცხადა კახიანმა.
ინფორმაციისთვის, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრეზიდენტს 11 აპრილს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მიმართეს. მოგვიანებით, ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის პოლონეთში გამგზავრების გამო, მათ განმეორებით მიმართეს პრეზიდენტს, რომ რომ მათივე მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა 11 აპრილს არ ჩანიშნოს. პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის ერთადერთი საკითხი „რეფორმების ჯგუფის" მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტის მიღება უნდა ყოფილიყო, რომელიც სასამართლოს სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. კომისიის შექმნას მინიმუმ 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.