ცესკომ და ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი

2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

დოკუმენტზე ხელისმოწერით ცენტრალური საარჩევნო კომისია და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ 29 აპრილს შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე იხელმძღვანელებენ საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებითა და ხელს შეუწყობენ არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის პრინციპების დაცვით.

ღონისძიება დღეს ცესკოს თავმჯდომარემ გახსნა.

"არჩევნები საერთო საქმეა და შესაბამისად, არჩევნებში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის გაძლიერება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის. სწორედ ამ მიდგომებიდან გამომდინარე, დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ეთიკის კოდექსს, რომელიც ცესკოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდა. კოდექსის მიზანია გავაუმჯობესოთ საარჩევნო გარემო, ხელი შევუწყოთ არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში, საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად ჩატარებას“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ეთიკის კოდექსის პრინციპების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს დოკუმენტზე ხელმომწერი ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც. მათი თქმით, ამ ტიპის შეთანხმება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს და ხელს შეუწყობს არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებას.

"არჩევნები ძალიან კომპლექსური საკითხია და ის, მართლაც ყველას საქმეა. კანონი ხშირ შემთხვევაში ყველაფერს ვერ არეგულირებს და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საერთო წესებზე შეთანხმება. მიუკერძოებლობის, პროფესიონალიზმის და თანამშრომლობის კომპონენტის კიდევ უფრო გაძლიერება აუცილებელია იმისთვის, რომ საარჩევნო გარემო კიდევ უფრო უკეთესი გავხადოთ“, - განაცხადა კოდექსზე ხელმოწერის შემდეგ ,,განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ (CDD) თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავამ.

ეთიკის კოდექსის კიდევ ერთი ხელმომწერი ორგანიზაციის, „ღია სივრცე კავკასიის“(COS) თავმჯდომარე ირმა პავლიაშვილის განცხადებით, ,,არსებითი და მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ვალდებულებები და პრინციპები ერთი საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში იყოს ასახული, ხოლო შემდეგ პრაქტიკაში განხორციელებული. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია მსგავსი ტიპის შეთანხმება, რათა ხელი შევუწყოთ, როგორც თანამშრომლობის, ასევე დეკლარირებული მიზნების აღიარებას“.

ეთიკის კოდექსის შემუშავების პროცესზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) წარმომადგენელმა.

„დღეს ხელი მოეწერა ეთიკის კოდექსს, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტია იმ მხრივ, რომ ზოგადად, საარჩევნო გარემო გააუმჯობესოს, აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც ჩართულნი იყვნენ პროცესში. ზოგადად, მნიშვნელოვანია ამ ტიპის დოკუმენტები საარჩევნო გარემოსთვის, როგორც 29 აპრილის შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე, ასევე მორიგ არჩევნებზეც“, - განაცხადა გიორგი მონიავამ.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) წარმომადგენლის ნანუკა ყრუაშვილის შეფასებით კი ,,შუალედური/რიგგარეშე არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ელექტრონული ტექნოლოგიები მასშტაბურად იქნება გამოყენებული. აქედან გამომდინარე, ეთიკის კოდექსით შემუშავებული საერთო წესების ზედმიწევნით დაცვა და შესრულება, როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის, ასევე ცესკოსთვისაც მნიშვნელოვანი იქნება.“

ქცევის (ეთიკის) კოდექსს ხელი დღეს 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის რეგისტრირებულმა 11-მა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ მოაწერა. აღსანიშნავია, რომ კოდექსზე ხელის მოწერა შეუძლია ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ამ არჩევნებზე დაკვირვებისთვის შესაბამის ვადებში დარეგისტრირდება.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა