დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით ცხარე კამათი გაიმართა - ერთი უკავშირდებოდა ჩვენს ინიციატივას თბილისში უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირების სახელობის სკვერის გახსნას, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნინო კვიტაიშვილმა საკრებულოს სხდომის დასრულებისას განაცხადა.
მისივე თქმით, უცნაურია ის ფაქტი, რომ 6 თვეა გასული მას შემდეგ, რაც ქართველი გმირების სახელობის სკვერის ინიციატივა წარადგინეს, თუმცა ამაზე რეაგირება არ ყოფილა.
"დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით ცხარე კამათი გაიმართა. ერთი უკავშირდება ჩვენს მიერ ინიცირებულ ინიციატივას თბილისში უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირების სახელობის სკვერის გახსნაზე. ჩვენ ვითხოვთ, ზოგად კონტექსტში არსებობდეს ასეთი სკვერი, რომლითაც მთელი თბილისი იამაყებს, განსაკუთრებით ამ მებრძოლების შვილები. მათი არგუმენტები იყო, რომ თბილისმა და საქართველომ ბევრი გაიღო უკრაინის მხარდასაჭერად, ეს ერთმანეთთან კავშირში არ არის. უცნაურია, 6 თვეა ამ ინიციატივით ვართ შესულები და ამაზე რეაგირება არ არსებობდა. მეორე საკითხი, რომელსაც ხმაური მოჰყვა უკავშირდება გენდერული საბჭოს, ოპოზიციონერი ქალების მიერ ჩატარებულ ბრიფინგს, სადაც ჩვენ გამოვთქვით აზრი იმ ამაზრზენ კამპანიაზე, რომელიც წარმოებდა მსხვერპლი ქალების მიმართ. იმ კამპანიაზე, რომელიც მოძალადე რამიშვილს ამართლებდა. ჩვენ მოვითხოვეთ, გენდერულ საბჭოს განცხადება გაეკეთებინა, ამ ქალებისთვის სოლიდარობა გამოგვეცხადებინა, ეს ორი ძირითადი თემა იყო, რომელსაც ხმაური მოჰყვა", - აღნიშნავს კვიტაიშვილი.