„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედასთან - გიული ალასანიასთან და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელ - გიორგი ჩალაძესთან ერთად პოლონეთის სეიმის ვიცე სპიკერთან - მალგოჟეტა გოშევსკასთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საუბარი შეეხებოდა საქართველოს ევროპულ მომავალს.
“გუშინ პატივი მივაგეთ 13 წლის თავზე დაღუპულებს, პოლონეთის პრეზიდენტ კაჩინსკის, მის მეუღლეს, ათობით სამხედრო პირს, სასულიერო პირებს, პოლიტიკურ ელიტას და შესაბამისად, გუშინვე გვქონდა შეხვედრა ევროპარლამენტარ ფოტიგასთან.
ცხადია, გუშინაც ფოტიგასთან და დღეს სეიმის ვიცე სპიკერთან ჩვენი საუბარი შეეხებოდა საქართველოს ევროპულ მომავალს, პერსპექტივას. ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“, ვთხოვთ ყველას, ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს, რომ ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს რუსი ოლიგარქის გამო და რეჟიმის გამო და ჩვენ ვიმსახურებთ და უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება გვყავს კრემლიდან მართული და ცხადია, საუბარი შეეხებოდა ორივე შეხვედრაზე პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.
რაც შეეხება ვიზიტს, 12 აპრილს პრეზიდენტი სააკაშვილი პოლონეთში დაჯილდოვდება კაჩინსკის პრომეთეს ჯილდოთი, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები მიიღებენ ამ ჯილდოს”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.