პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად აისახება.
ოხანაშვილის განმარტებით, კანონპროექტის კორექტირებული ვარიანტის თანახმად, უზრუნველყოფილი იქნება იმ პირთა საპროცესო უფლებები, ვინც პოტენციურად ოლიგარქად შეიძლება იყვნენ მიჩნეულნი.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მათ თავის დაცვისა და კონკრეტული გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრების სრული შესაძლებლობა ექნებათ.
„დეოლიგარქიზაციის შესახებ პუნქტის ინდიკატორად ჩვენთვის ევროკომისიის ის შეფასებები და დამოკიდებულება იყო მიჩნეული, რომელიც არსებობდა და არსებობს უკრაინასთან მიმართებაში, უკრაინის მიერ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ მიღებულ კანონზე. ევროკომისიამ უკრაინის მიერ მიღებული კანონი მოიწონა და მისი იმპლემენტაციისკენ მოუწოდა. ეს იყო ჩვენთვის ინდიკატორი, რომ თუკი ჩვენ იგივე პრინციპებზე დაფუძნებულ კანონს მივიღებდით, ჩვენს მიმართ ანალოგიური სამართლებრივი მოპყრობა უნდა იყოს და რეკომენდაცია შესრულებულად ჩაითვალოს. დღეს კომიტეტს ვანეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით განახლებულ ვერსიას წარვუდგენ. „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონში სრულად ავსახავთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. იქნება უზრუნველყოფილი იმ პირთა საპროცესო უფლებები, ვინც პოტენციურად ოლიგარქად შეიძლება იყვნენ მიჩნეული. მათ თავის დაცვის და კონკრეტული გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრების სრული შესაძლებლობა ექნებათ. ასევე იარსებებს ყველა ის გარანტია, რაც მათ პერსონალურ მონაცემებს დაიცავს", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს, ოხანაშვილის თქმით, ოპოზიციის მიერ მომზადებული მოდელი გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებას ვერ უზრუნველყოფს და მისი მხარდაჭერის შემთხვევაში, ევროკომისია შესაბამის პუნქტს შესრულებულად ვერ ჩათვლის.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, დღევანდელ სხდომაზე, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტის კორექტირებულ ვარიანტს განიხილავს.