პაპუაშვილის ბრძანების იმ ნაწილის პროპორციულობასთან დაკავშირებით, რომელიც ე.წ. ადევნებას ეხება ჩვენს დასაბუთებულ მოსაზრებას სასამართლოში წარვადგენთ - სხვისი ტელეფონის გადაღების აკრძალვას ვიზიარებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარესთან სახალხო დამცველის რეკომენდაციებზე, თანამშრომლობის ფორმატის განსაზღვრაზე და პარლამენტში ჟურნალისტების ქცევის წესებთან დაკავშირებით მის მიერ გამოცემულ ბრძანებაზე ისაუბრეს.
„იცით, რომ ჩვენი რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი პარლამენტს მიემართება და ჩემთვის მნიშვნელოვანია მათ შესრულებას პარლამენტმა მიაქციოს ყურადღება. ამ სამუშაო ფორმატის განსაზღვრაზე გვქონდა საუბარი. რეკომენდაციები, რომელიც პარლამენტზეა გაცემული სახალხო დამცველის მიერ წლების მანძილზე, მათი შესრულება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას, ამიტომ ეს საკითხი ჩემთვის პრიორიტეტულია. მათ შორის, საუბარი გვქონდა მედიის შეზღუდვებთან დაკავშირებით. ეს საკითხი, იცით, რომ გასაჩივრებულია სასამართლოში და სახალხო დამცველი სასამართლო მეგობრის ფორმატით ჩაერთვება ამ საქმეში. ჩვენ მოგვმართეს მედიაორგანიზაციებმა და მოსაზრებას წარვადგენთ სასამართლოში. ამ ნაწილზე გვქონდა საუბარი, მისი პროპორციულობის მართებულობაზე, შეზღუდვის იმ ნაწილზე, რის გამოც, რამდენიმე ჟურნალისტს აეკრძალა პარლამენტში შემოსვლა, ჩვენს დასაბუთებულ მოსაზრებას პროპორციულობასთან დაკავშირებით სასამართლოში წარვადგენთ. როცა დეპუტატი ვიყავი მაშინაც ვამბობდი, რომ ბრძანების იმ ნაწილს, რომელიც სხვისი ტელეფონის გადაღებას ეხება, სხვის პირად სივრცეში უნებართვოდ შესვლას, ვიზიარებდი. აქ საუბარია ე.წ. ადევნების ნაწილზე, როცა ჟურნალისტი სთხოვს კომენტარის გაკეთებას დეპუტატს და მას არ უნდა, ამ ნაწილზეა საუბარი და ვიცი, რომ ამ ნაწილზეა ეს შეზღუდვაც დაწესებული ჟურნალისტების მიმართ. ამ ნაწილზე გვექნება ჩვენი მოსაზრება წარდგენილი სასამართლოზე”, - განაცხადა იოსელიანმა.