ოპოზიციისთვის მისაღებად რჩება მართვის სტილი, როცა ყველაფერი ერთი კაცის დაქვემდებარების ქვეშ იყო - ასეთი რეჟიმის არქიტექტორი სააკაშვილ-ადეიშვილი იყვნენ, რომლებიც პროცესებს პირდაპირ მართავდნენ და სასამართლო ხელისუფლება ჯიბეში ჰქონდათ ჩადებული, - ასე პასუხობს დეპუტატი ალუდა ღუდუშაური მოსამართლეებთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე დასმულ კითხვას.
ღუდუშაურის თქმით, დღეს სასამართლო დამოუკიდებელი და ობიექტურია, მოსახლეობას სამართლის პოვნის შესაძლებლობა აქვს, რასაც ოპოზიცია ვერ ეგუება.
მისივე განცხადებით, ოპოზიცია სასამართლოზე გავლენის მოპოვებას ცდილობს და "მთელი ეს ორკესტრირებული შეტევა მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება".
"ამ ყველაფრის სათავეში "ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტი პოლიტიკური ჯგუფები დგას. მათი მიზანია, სასამართლო ხელისუფლება იყოს გაკონტროლებული და მათი კონტროლის ქვეშ იყოს მოქცეული. ისინი ვერ ეგუებიან ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ეს მათთვის წარმოუდგენელია", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.