დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი საუკეთესო შემთხვევაში იქნება მკვდრადშობილი ან იქნება რეპრესიული და მიმართული ოპოზიციის საწინააღმდეგოდ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ უმრავლესობის პროექტით, მისი დამტკიცების შემთხვევაში, დეოლიგარქიზაცია მოხდება.
"დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, რაც უმრავლესობამ წარმოადგინა, აგებული იყო თავიდანვე ერთ მარტივ სქემაზე, მასში არ უნდა მოხვედრილიყო ივანიშვილი. ყველა ნიშნით ივანიშვილი არის ოლიგარქი, მაგრამ ამ კანონით ის რა თქმა უნდა, ოლიგარქი არ იქნება და ოლიგარქი შეიძლება იყოს ოპოზიციონერი, რომელიმე ბიზნესმენი ან ოპოზიციის მიმართ კეთილგანწყობილი ბიზნესმენი. ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც სწორედ ეს იყო, რომ ეს არ იყოს გამოყენებული ოპოზიციის შესავიწროებლად," - განაცხადა გოცირიძემ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, დღევანდელ სხდომაზე, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტის კორექტირებულ ვარიანტს განიხილავს.