დავით კეზერაშვილი იშვიათი გარეწარია - ჩემი ნება რომ იყოს, რაც ჯარს მოჰპარა, ბოლო ლარამდე და თეთრამდე ვარწყევინებდი, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარტია „მოქალაქეების" დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა.
ელისაშვილის თქმით, კეზერაშვილის ადგილი ციხეშია და ის ევროპელმა სამართალდამცავებმა პენსიონერთა გამწარებისთვის უნდა განამწესონ იქ, სადაც მისი ადგილია.
„ამ ადამიანმა საქართველოში გაძარცვა ჯარი, ფული ჯარს მოჰპარა და შემდეგ ფეხი დაჰკრა და ქვეყნიდან გაიქცა.
ამის შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის საფასურად გაურიგდა. ვიცით, რომ მათი გარიგების საფუძველი პარტიიდან ბოკერიას ჯგუფის გამოყოფა იყო. ამიტომ "ქართულმა ოცნებამ" თვალი დახუჭა - მას ზრდილობისთვის ეძებდნენ, ზრდილობისთვის იყო ძებნა გამოცხადებული. სინამდვილეში კი, მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობდა. იშვიათი გარეწარი კეზერაშვილი საქართველოში ჯარს ძარცვავდა, ევროპაში წავიდა და ევროპელი პენსიონერების ძარცვა დაიწყო. ახლა მაინც დაიჭირონ! BBC პროკურატურა არ არის, მაგრამ მისი გამოძიება რეპუტაციულად დამანგრეველია. რა თქმა უნდა, ეს გამოძიება საფუძვლად დაედება გამოძიებას ევროპულ ქვეყნებში კეზერაშვილის წინააღმდეგ. კეზერაშვილისნაირი გათახსირებული ხალხის ადგილი ციხეშია. ჩემი ნება რომ იყოს, რაც ჯარს მოჰპარა ვარწყევინებდი ბოლო თეთრამდე. ახლა ევროპელებმა უნდა დაიჭირონ!" - განაცხადა ელისაშვილმა.
მისივე შეფასებით, „სამარცხვინო დღეშია კეზერაშვილის დაფინანსებული ოპოზიცია, ვინც „კურტუმგაბზეკილი" დადიოდა და აქეთ ჩხუბობდა".
ელისაშვილის თქმით, "კეზერაშვილისნაირი ამაზრზენი კაცით ბიძინა ივანიშვილს ვერ დაამარცხებ".
"მითუმეტეს, ისეთ კაცზეა ლაპარაკი, ვინც ბიძინა ივანიშვილს ნებისმიერ დროს გაურიგდება და "კურტუმგაბზეკილ" ოპოზიციას გაყიდის. დადგნენ და იმართლონ თავი, გრძელი ენები რომ ჰქონდათ. არ რცხვენიათ, ჯარისა და პენსიონერების ქურდისგან ფულს რომ იღებენ?!" - განაცხადა ელისაშვილმა.