არსად არ წერია, რომ როცა საგამოძიებო კომისიას შევქმნით, რაღაც ვადებით უნდა შევიზღუდოთ თავი, რომ 2012 წლის შემდეგ ვიხილავთ და მანამდე არა - ჩვენ მხარს ვუჭერთ კომისიის შექმნას,- ამის შესახებ "მოქალაქეების" დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" სხვა დროს ჩააგდო სხვა საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, არ ფიქრობს, რომ ახლაც განგებ მოიქცნენ ასე. ელისაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, მისთვის ზოგი რამ გაუგებარი იყო, მაგალითად, ის, თუ რისთვის იყო საჭირო რიგგარეშე სხდომის მოწვევა. ამასთან, ელისაშვილი ამბობს, რომ კომისია მხოლოდ 2012 წლის შემდეგ პერიოდით არ უნდა დაინტერესდეს და კომისიაზე მათთვის საინტერესო ყველა კითხვას დასვამენ.
"ეს მოსამართლეები ასეთ გათახსირებულ ხალხად ჩამოყალიბდა სწორედ წინა ხელისუფლების დროს და "ქართული ოცნების" სამარცხვინოდ, მათ თავზე ხელი გადაუსვეს და დააწინაურეს, თორემ ეს უნარები ყველაფერი ისწავლეს წინა ხელისუფლების დროს და არა მხოლოდ ისწავლეს, არამედ ერთ- ერთი შემოქმედები იყვნენ ბოროტების, მურუსიძე განსაკუთრებით, უკვე ზედსართავად იქცა ეს გვარი უსამართლო სასამართლოსი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ კომისიის შექმნას და ვერავინ შეგვზღუდავს იქ, რომ რა კითხვებიც გვექნება და პოზიცია ეს დავაფიქსიროთ. აღდგომა და ხვალეო - ვნახავთ, მაგრამ გავიხსენოთ, რომ აქამდე ყველა საგამოძიებო კომისია ჩააგდო "ნაციონალურმა მოძრაობამ": 5 ივლისისაც და როცა მოსმენების ფაილები გავრცელდა საეკლესიო პირების და მაღალჩინოსნების, მაშინ დავაინიცირეთ საგამოძიებო კომისია, ჩვენც შევუერთდით, მაგრამ სხდომაზე არ მოვიდა "ნაციონალური მოძრაობა". ეს კარგად გაიხსენონ ხოლმე განსაკუთრებით იმათ, გრძელი ენები რომ აქვთ და ჩვენზე ათას სისულელეს ამბობენ. ახლა არ მგონია, რომ ეს განზრახ მოხდა, მართლა მგონია, რომ შიდა ოპოზიციური ტრადიციული ქაოსისგან მოხდა. იქ იყო ბევრი გაუგებარი რამ ჩემთვის. მაგალითად, რად გვინდოდა პრეზიდენტისთვის მიმართვა გინდა თუ არა საგანგებო დანიშნეო, როცა სამშაბათს ჩვეულებრივი სხდომა იქნება და სხვა დღეებშიც, მაგრამ არაუშავს. არ მგონია, რომ განზრახ მოხდა და მაინცდამაინც დაკრეს ფეხი წითლიძემ და ხაბეიშვილმა და წავიდნენ, რომ ჩაეგდოთ, მაგრამ დანარჩენი გამოჩნდება, ყოველ ჯერზე ხომ ვერ იტყვიან უცხოეთში ვართო,"- განაცხადა ელისაშვილმა.