პირის ოლიგარქად ცნობის საკითხს მთავრობის ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო გადაწყვეტს. ეს არის ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებულ კანონპროექტში აისახა.
კორექტირებული კანონპროექტის გათვალისწინებით, ანტიკორუფციული ბიურო პირის ოლიგარქად ცნობის პროცედურას იწყებს საკუთარი ინიციატივით, ან მთავრობის წევრის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრის, ეროვნული ბანკის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ან კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართვის საფუძველზე.
„ვენეციის კომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ პირის ოლიგარქად მიჩნევის პროცესი პოლიტიზირებული არ უნდა იყოს და მაქსიმალურად უნდა მოხდეს ამ პროცედურის პოლიტიკისაგან დაცვლა. გავითვალისწინეთ და გთავაზობთ, რომ პირის ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილება საქართველოს მთავრობიდან ანტიკორუფციულ ბიუროს გადაეცეს, რომელიც შექმნილია 12- პუნქტიანი გეგმის ფარგლებში. შესაბამისად, ეს საკითხი სრულად დეპოლიტიზირებული იქნება", - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონის პროექტის კორექტირებულ ვერსიას იხილავს. განხილვა მეორე მოსმენით მიმდინარეობს.