„თავდაცვის კოდექსის“ ახალი პროექტის მიხედვით, იცვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების საფუძვლები და იმ პირთა წრე, ვისაც ეს შეეხება.
კოდექსის პროექტის მიხედვით, სამხედრო-სავალდებულო სამსახურისგან დროებით გათავისუფლდებიან სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების არჩევითი ორგანოს წევრები, ასევე პირები, ვინც მუშაობენ სამინისტროში, სამინისტროს სისტემაში მოქმედ სსიპ-ებში, იუსტიციის სამინისტროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, სახელმწიფო უსაფრთხოების, საქართველოს დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურებში.
დოკუმენტის მიხედვით, ეს შეღავათი პროკურატურის სტაჟიორებსაც შეეხებათ.
„თავდაცვის კოდექსის" პროექტი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მეორე მოსმენით - მუხლობრივად უკვე განიხილა. მუხლობრივ მოსმენაზე პროექტიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი ამოიღეს, რომელიც 10 ათასი ლარი იყო.