BBC არის ძალიან მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობის მქონე მაუწყებელი, ინფორმაცია, რაც მის საგამოძიებო მასალაშია, ძალიან საყურადღებოა - კეზერაშვილს ექნება საშუალება, როგორც თავად ამბობს, თავის მოსაზრება ბრიტანულ სასამართლოში დაამტკიცოს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
კითხვაზე, უხერხულია თუ არა ამ ბრალდებების ფონზე, კეზერაშვილთან თანამშრომლობა, დეკანოიძე აცხადებს, რომ "ამ პოლიტიკური ორგანიზაციების პოზიცია მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა", ხოლო თავად რა მიზეზითაც დატოვა პარტია, ამაზე უკვე ისაუბრა. დეკანოიძე აღნიშნავს, რომ "გარკვეული სახის კრისტალიზაცია უნდა დადგეს" .
მისივე თქმით, სავარაუდოდ, "ნაციონალურ მოძრაობაში" გარკვეული უხერხულობა არსებობს, თუმცა, პარტიის საქმეა, როგორ გადაწყვეტს თავის საკუთარ ფუნქციონირებას.
"BBC-ის , როგორც დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის სტანდარტით ფუნქციონირებადი მაუწყებლის მიმართ, რაიმე სახის ეჭვები, ვფიქრობ, შეიძლება იყოს ზედმეტი. რა თქმა უნდა, არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, რადგან სასამართლო არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ბრიტანეთში არის სასამართლო, რომელიც არის სრულიად დამოუკიდებელი. ამიტომ მას ექნება საშუალება, როგორც თავად ამბობს, თავის მოსაზრება დაამტკიცოს ამ სასამართლოში. მე არ მაქვს ნდობა მურუსიძე- ჩინჩალაძის სასამართლოსი, სრული ნდობა მაქვს ბრიტანული სასამართლოსი და ვფიქრობ, ყველა ადამიანის უფლებაა, თავის პოზიცია დაამტკიცოს დამოუკიდებელ სასამართლოში", - განაცხადა დეკანოიძემ.