დიდი რეპუტაციული პრობლემაა, - ამის შესახებ „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა. ამით ეკა ბესელია გამოეხმაურა BBC-ის მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით საგამოძიებო სტატიას, რომლის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია მოხსენიებული.
ბესელიას თქმით, კეზერაშვილს საწინააღმდეგო არგუმენტები თუ აქვს, უნდა წარადგინოს.
„საკმაოდ უცნაური ამბავია. ამ სქემას კარგად არ ვიცნობ. „როდესაც კეზერაშვილის ინტერვიუ ვნახე, თავისივე ტელევიზიაში, ამ თემასაც შეეხეო, მახსოვს. დიდი რეპუტაციული პრობლემაა, ალბათ, მის ინტერესებშია, თუ საწინააღმდეგო არგუმენტები აქვს, ეს დადოს. BBC-ის ინფორმაცია არ არის ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაცია. მეც მაინტერესებს ბოლოს და ბოლოს ვინ დგას ამ სქემის უკან“, - დასძინა ბესელიამ.
მან გადაცემაში ასევე ისაუბრა სასამართლო სისტემის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე. მისი თქმით, „კლანში“ დიდი რყევაა.
„თუ „კლანი“ ძლიერია და მყარად დგას, რაში დასჭირდათ პარტიის ლიდერის გვერდით გამოჩენა და ეს განცხადება? - განა პრემიერს არ ესმოდა, რომ იქ მისვლა არ შეიძლებოდა?!
9 - წლიან რეჟიმს რომ ახსენებს, ვის ებრძვის? - იქვე იდგა 9 - წლიანი რეჟიმი, ვისაც შეხვდა და ხელი ჩამოართვა. ის არის 9 - წლიანი სისხლიანი რეჟიმი.
მას იქ მისვლა დაავალეს და დაავალა მისმა უფროსმა, უთხრა, რომ „კლანს“ ღია მხარდაჭერა სჭირდება. იმიტომ მივიდა, რომ სუსტად გრძნობენ თავს. შიგნით დიდი რყევაა. მშვიდად რომ ყოფილიყვნენ, რაში დასჭირდებოდათ ამის დემონსტრირება?!
მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რა აქტიურადაც ვიბრძოდით რუსული კანონის წინააღმდეგ, უფრო მეტი გვაქვს საბრძოლი. თუ „კლანური“ მმართველობა არ დასრულდება, ევროპულ ოჯახში არ მიგვიღებენ“, - განაცხადა ბესელიამ.
მისივე შეფასებით, მოსამართლეების დასანქცირებას სხვა ტიპის ქმედებებიც მოჰყვება.
ბესელიას თქმით, საზოგადოებასთან ერთად მიღწეული უნდა იყოს „კლანური“ მმართველობის დასრულება, რადგან მისივე თქმით, „კლანი“ ხელს უშლის საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციას.
„კლანის წინააღმდეგ კონკრეტული ქმედებები დაიწყო. ისეთმა ქვეყანამ ჩართო მექანიზმი, როგორიც არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი - აშშ, რომელიც ამბობს რომ ქვეყანაში არ შეუშვებს ბრალდებულ მოსამართლეებს და მათ ახლობლებს. ამას სხვა ტიპის ქმედებებიც მოჰყვება. ეს რომ გადამდები ეფექტის მომტანი იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ.
განსაკუთრებული იმედი მაქვს ახალგაზრდა თაობის, რომელიც ღია დამცველი აღმოჩნდა ჩვენი ევროპული არჩევანის და რუსული კანონის წინააღმდეგ გამოვიდა. ამ მოსამართლეების წასვლის მოთხოვნით უნდა იყოს მასიური, ორგანიზებული გამოსვლები, რომ ეს მოსამართლეები სასამართლო სისტემიდან გავიდნენ. ისინი ხელს უშლიან ქვეყნის ევროპულ ოჯახში ინტეგრაციას. „კლანური“ მმართველობით ჩვენ ევროკავშირში ვერ შევალთ. უნდა მივაღწიოთ ამ „კლანის“ დასრულებას“, - განაცხადა ბესელიამ.