მათი განცხადებები ისტერიკაზე მიუთითებს, ასეთი უნიათო კომენტარები BBC-ის გამოძიებაზე ახასიათებს იმ ინტელექტუალურ დონეს, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეიქმნა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც კეზერაშვილთან დაკავშირებით BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაკეთებულ განცხადებებს.
მისი თქმით, კეზერაშვილის სახელის გარშემო დიდი ხანია ტრიალებს „ქოლ-ცენტრების“ თემა, მაგრამ ასე ზუსტად და მკაფიოდ აქამდე ეს სქემა არ ყოფილა წარმოდგენილი.
BBC-ის საგამოძიებო ჟურნალისტიკა არ არის ის უნიათო მცდელობების კასკადი, რომელიც ხშირად შეარყევს ხოლმე პოლიტიკურ სივრცეს საქართველოში. ეს არის სერიოზული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული და თუკი ეს გამოძიებაში გადავა, გამოძიებასაც საკმაოდ საფუძველი ექნება, იგივე სქემა დაადასტუროს. ეს არ არის სიახლე, კეზერაშვილის სახელის გარშემო დიდი ხანია ტრიალებს „ქოლ-ცენტრების“ თემა, მაგრამ ასე ზუსტად, მკაფიოდ აქამდე არ ყოფილა ეს სქემა წარმოდგენილი, მაგრამ ნუ დავარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მან თქვა, რომ გამოძიება გაგრძელდება, თუმცა, რაც უკვე გამოძიებულია, რომ ქართულ ჯარს სოლიდური თანხა მოჰპარა, ამ ფაქტთან დაკავშირებით დამატებითი დასკვნებიც შეგვიძლია გავაკეთოთ. მას არანაირი რესურსი არ გააჩნდა და სწორედ ამის შემდეგ გახდა ერთ-ერთი მდიდარი ადამიანი მსოფლიოში, რომელიც მართავს პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში. „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაკეთებული განცხადებები ისტერიკაზე მიუთითებს, ასეთი უნიათო კომენტარები, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, რომ თითქოს ბაობაბების ჩამოტანის და რიკოთზე სტიქიური პრობლემების გამო ხდება BBC-ის საგამოძიებო მასალების გამოქვეყნება და ამ თემაზე გვსურს ყურადღების გადატანა. ეს კიდევ ერთხელ ახასიათებს ინტელექტუალურ დონეს, რაც შეიქმნა „ნაციონალური მოძრაობის“ სივრცეში“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ვოლსკი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "რევოლუციური კომიტეტი" სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტევას ცდილობს. მისი თქმით, კომისიის შექმნის სურვილი სპეკულაციაზეა აგებული და ამას ხელს ვერ შეუწყობენ.
"აქ რომ ვითარება ფაქტებით იყოს გაჯერებული და მათი მისწრაფება არ იყოს პოლიტიკურ სპეკულაციაზე მთლიანად აგებული, ამის განხილვა შეიძლებოდა, მაგრამ როცა შენ უტევ ისეთ სერიოზულ ინსტიტუტს, როგორიც სასამართლოა და ამის წინაპირობა მხოლოდ პოლიტიკურია, არასწორი იქნება ამ კომისიის შექმნას ხელი შეუწყო. თუკი რაიმე ფაქტი არსებობს ამას პოლიტიკური კომისია კი არ სჭირდება საპარლამენტო, საგამოძიებო სტრუქტურები სჭირდება, მაგრამ არის თემა, რომელსაც გვერდს ვერანაირად ვერ აუხვევთ, ეს არის წმინდა პოლიტიკური დაპირისპირება პოლიტიკური ჯგუფებისა სახელმწიფო სტაბილურობის გარანტიების მიმართ,"- განაცხადა ვოლსკიმ.