გია ვოლსკი - არც ფოტიგას, არც სააკაშვილის გარემოცვას მიუმართავთ სააკაშვილისთვის, თვითდაზიანებას თავი დაანებოს, როცა ზუსტად იციან, რომ ამას აქვს ადგილი - ქმნიან სურათს, რომ საქართველო დააზიანონ

არც ფოტიგას, არც სააკაშვილის გარემოცვას არ მიუმართავთ სააკაშვილისთვის, რომ თავი დაანებოს თვითდაზიანებას, როცა ზუსტად იციან, რომ თვითდაზიანებას აქვს ადგილი - ქმნიან ისეთ სურათს, რომ საქართველო დააზიანონ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებას, რომ „ის, რაც ხდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განსაზღვრავს საქართველოს მომავალს დიდი ხნით“.

ვოლსკის თქმით, „ნებისმიერი ქვეყანა, ნებისმიერი პოლიტიკური გაერთიანება, ვინც საქართველოს აზიანებს განზრახ გადადგმული ნაბიჯებით, არ უნდა იყოს პოზიტიურად შეფასებული“.

„ანა ფოტიგას განცხადებას გავეცანი და არსებობს რამდენიმე განგებ დაშვებული შეცდომა. იმ 5 დღიან ომზე კარგად უნდა იცოდეს, რომ აბსოლუტურად სხვა იყო რჩება და ძალისხმევა რაც ევროკავშირმა და აშშ-მ გასწიეს, რომ არათუ ომი აერიდებინათ, არამედ კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების პროცესიც განევითარებინათ, სააკაშვილი ამას დაუპირისპირდა. მან გააკეთა ყველაფერი, ვითომ რუსეთის საწინააღმდეგოდ და ამ დროს ყველა პირობა შეუქმნა რუსეთს, რომ ტერიტორიების ოკუპაცია მოეხდინა. ეს ყველაფერი იმდენად ზედაპირზე დევს, რომ არ მგონია, ფოტიგას ეს ინფორმაცია არ ჰქონდეს და მხოლოდ ემოციების საფუძველზე საუბრობდეს. მან ზუსტად იცის რაც მოხდა, როგორ მოხდა რუსეთისთვის ამ ტერიტორიების ხელში ჩაგდება, სამოქალაქო პირების დაღუპვა, როცა არ გამოიყვანეს ისინი საომარი მოქმედებების წინ, ისიც უნდა იცოდეს, რომ აგვისტოს ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე სააკაშვილი და მთელი მისი კაბინეტი ამტკიცებდა, რომ რუსეთს არ აინტერესებს საერთოდ ცხინვალის რეგიონი და გაკვირვებულები არიან იმ პროვოკაციით, რასაც ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლება სჩადის. ეს ყველაფერი მან ზუსტად იცის და ამის ფონზე ამ პოზიციას იცავს, მით უმეტეს, არც ფოტიგას, არც სააკაშვილის გარემოცვას არ მიუმართავთ სააკაშვილისთვის, რომ დაემორჩილოს მკურნალობის კურსს ანდა თავი დაანებოს თვითდაზიანებას, როცა ზუსტად იციან, რომ ზუსტად თვითდაზიანებას აქვს ადგილი, ზუსტად იციან ისიც, რომ არავითარ მოწამვლას ადგილი არ ჰქონია ანუ ქმნიან ისეთ სურათს, რომ საქართველო დააზიანო“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკი ასევე პრომეთეს ჯილდოთი მიხეილ სააკაშვილის დაჯილდოებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის არანაირ ჯილდოს არ იმსახურებს, რადგან მის მიერ ჩამოყალიბებული სისტემა არღვევდა ადამიანის უფლებებს, ამასთან მისივე თქმით, არსებობს მტკიცებულებები ომთან დაკავშირებით, რომ მან რუსეთის ინტერესებით იმოქმედა.

„იმდენად წარმოუდგენელია სააკაშვილის დაჯილდოება პრომეთეს სახელის ჯილდოთი, რომელმაც მითის მიხედვით სინათლე შემოიტანა, რომ ყველაფერი შეიძლება იფიქრო. დაინტერესება შეიძლება იფიქრო, ლობიზმი, რომელიც უცხო არ არის სააკაშვილის გარემოცვისთვის და ამ ლობიზმში უშველებელი თანხებია დახარჯული, არაფერს არ გამოვრიცხავ, მაგრამ ყველაზე დასანანია, რომ არც ერთი ფაქტი, რაც სააკაშვილის ბიოგრაფიაში არსებობს, არ არის დაკავშირებული არანაირ პოზიტივთან გარდა იმისა, რომ მმართველობის პირველ წლებში გარკვეული ნაბიჯები გადადგა რომ სახელმწიფო სტრუქტურები შექმნილიყო და აქაც ძალიან სერიოზული და დიდი იყო დახმარება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გასწია და არასდროს არავის არაფერი არ დააყვედრა. სახელმწიფოს მშენებლობის პერიოდში ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა საკმარისია იმისთვის, რომ მას არანაირი ჯილდო არ გადავცეთ, რადგან ეს არის უამრავი ადამიანისთვის სულში ჩაფურთხება, ვინც შეეწირნენ გესტაპოს ტიპის სადამსჯელო სისტემას, რაც მან ჩამოაყალიბა და მეორე - ტერიტორიების დაკარგვასთან და რუსეთის მიერ განხორციელებულ ოკუპაციასთან დაკავშირებით არსებობს უამრავი მასალა, მტკიცებულება, რომ სააკაშვილმა სწორედაც რუსების ინტერესებით იმოქმედა და უამრავი კიდევ სტრატეგიული ობიექტი, რომელიც გადასცა რუსეთს, რითაც რუსეთი დღესაც სარგებლობს, რომ სტრატეგიული პოზიციები გაიმყაროს კავკასიაში. ეს ფაქტები არსებობს და უამრავი ნაწამები, მოკლული ადამიანი შეღაღადებს ზეცას, რომ სამართალმა თავის გზა ნახოს და არ იყოს დღის წესრიგში მისი არათუ დაჯილდოება, არამედ, შეფასებები მოხდეს საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ოპოზიციამ, თუ სურს რეალური შედეგის მიღწევა, სტრატეგია და ტაქტიკა უნდა შეცვალოს, თუმცა ამის იოტისოდენა იმედიც არ მაქვს
კორეის ელჩი ჰიონ დუ კიმი - კორეის ძლიერი მხარე მაღალტექნოლოგიურ წარმოებაშია, საქართველოს კი ლოჯისტიკისა და მომსახურების სფეროებში - ის უნდა განიხილებოდეს როგორც ბაზარი, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს რეგიონი და მის მიღმაც
ქართული პრესის მიმოხილვა 17.11.2025