ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოს ხელისუფლებასთან. უკვე ერთი წელია, რაც დაიწყო ინფორმაციის გაზიარება საქართველოში გამავალი სავაჭრო ნაკადის შესახებ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
„ჩვენ ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს საბაჟო სამსახურთან, შემოსავლების სამსახურთან, საზღვრის დაცვის სამსახურთან, რომლებთანაც ჩვენ მჭიდრო პარტნიორობა გვაქვს მრავალი წელია, ვატარებთ ტრენინგებს, ვაწვდით აღჭურვილობას. ახლა განსაკუთრებით ღირებულია ეს თანამშრომლობა, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანია იმის მონიტორინგი, თუ რა გადის საქართველოს საზღვრების გავლით. ჩვენ ამ კრიტიკულ დროში საქართველოს ხელისუფლებასთან ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს. საქართველოს ფინანსთა მინისტრსა და ჩვენს სანქციების კოორდინატორს შორის შეხვედრა ამ საკითხზე იყო ფოკუსირებული, რადგან უკრაინაში რუსეთის სასტიკი ომის ფონზე ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობს რუსეთი თავიდან აიცილოს სანქციები და ექსპორტის კონტროლის რეგულაციები, რომელიც დაწესებულია არა მხოლოდ შეერთებული შტატების მიერ, არამედ ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, იაპონიის მიერ. ასე რომ, ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილია, გაგრძელდეს ინფორმაციის გაზიარება და გამკაცრდეს კონტროლი, რათა შეწყდეს ისეთი ტვირთის მოძრაობა, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის მანქანისთვის იყენებს და ჩვენ საქართველოს ხელისუფლებასთან ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ ამ კუთხით,“- აღნიშნა ელჩმა.