პაატა მანჯგალაძე - BBC-ის გამოძიების მიმართ ინტერესი გასაგებია, მაგრამ არ შეიძლება დავით კეზერაშვილის თემით უფრო მნიშვნელოვანი საკითხების გადაფარვა - საქართველოს ევროინტეგრაციას კეზერაშვილი არ განსაზღვრავს

BBC-ის გამოძიების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გასაგებია, მაგრამ არ შეიძლება დავით კეზერაშვილის თემით ქვეყნისათვის უფრო მნიშვნელოვანი საკითხების გადაფარვა - საქართველოს ევროინტეგრაციას კეზერაშვილი არ განსაზღვრავს, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ გააკეთა.

როგორც მანჯგალაძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, საქართველოს დღეს პრობლემა არა დავით კეზერაშვილის, არამედ "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის გამო აქვს.

"ბუნებრივია, საზოგადოების მაღალი ინტერესი დავით კეზერაშვილის პიროვნების მიმართ. კეზერაშვილის სახელი დაკავშირებულია კრიტიკულ მედიასთან. კეზერაშვილის განცხადებით საზოგადოებამ გაიგო, რომ ის ოპოზიციონერ ლიდერებს ეხმარებოდა, მაგრამ პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ "სტრატეგია აღმაშენებელი" მასთან შეხებაში არ არის.

კეზერაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სამი კომპონენტი აქვს. პირველი, BBC ნამდვილად მაღალი მედია სტანდარტის მაუწყებელია. შესაბამისად, რა თქმა უნდა, იქ გამოქვეყნებულ მასალებს ყურადღება უნდა მივაქციოთ, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ადამიანის დადანაშაულებას და მის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემას. როგორც "ქართულ ოცნებას" უყვარს თქმა - ამ საკითხზე გამოძიებას დაველოდოთ.

ჩემი აზრით, „ქოლ -ცენტრების“ სქემა კრიმინალური და დანაშაულებრივია. ეს არის ტრანსნაციონალური დანაშაული და სამწუხაროა, რომ საქართველოში ეს „ქოლ -ცენტრი“ დღემდე მოქმედებს.

მაშინ როცა სპეცსამსახურებმა აგენტი "სტრატეგია აღმაშენებლის" ახალგაზრდულ ორგანიზაციაში ჩანერგეს, როგორ შეიძლება 1000 კაციან „ქოლ -ცენტრებს“, რომელიც ქვეყანაში არაერთი იყო, ისე ემოქმედა, რომ ამაში ხელისუფლება გახვეული არ ყოფილიყო?!

მეორეა ის, თუ რა გავლენას ახდენს კეზერაშვილი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე - ევროპამ კეზერაშვილის გამო გვითხრა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონი მიიღეთო? კეზერაშვილის გამო გვეუბნებიან, რომ სასამართლო კლანისგან უნდა გათავისუფლდეს? ან კეზერაშვილის გამო გვითხრეს, რომ ანტიკორუფციული სააგენტო უნდა შექმნილიყო? არ უნდა დაგვავიწყდეს ყურადღების მთავარ საკითხზე მობილიზება - ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი!

რაც შეეხება, საკითხის სამართლებრივ ნაწილს, როგორც ვიცი, კეზერაშვილი აპირებს ბრიტანულ გამოძიებასთან თანამშრომლობას, თუკი ასეთი გამოძიება დაიწყება.

მე მაინტერესებს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და არა ის, რომ ეს მთავარი საკითხი დავით კეზერაშვილის თემით გადაიფაროს", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი