იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, სამმა მოსამართლემ ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლო ვიზიტით გამგზავრებაზე უარი განაცხადა.
გვრიტიშვილი ფიქრობს, რომ აღნიშნული მოსამართლეებისგან ეს ერთგვარი სოლიდარობის აქტია.
„მიმდინარე თვეში (22-30 აპრილის განმავლობაში) დაგეგმილია ქართველი მოსამართლეების სასწავლო ვიზიტი აშშ-ში.
ჩემთვის, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისათვის, ცნობილი გახდა, რომ ამ ვიზიტის მონაწილე სამმა მოსამართლემ: ნანა ჯოხაძემ, თამარ ბეჟანიშვილმა და კონსტანტინე კოპალიანმა უარი განაცხადეს გამგზავრებაზე, რის შესახებაც მათი განცხადებები ოფიციალურად არის შემოსული საბჭოში.
ჩემი მოსაზრებით, ეს არის სოლიდარობის ერთგვარი აქტი, ისევე, როგორც ეს იყო ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაში (როცა ასევე რამდენიმე მოსამართლემ უარი თქმა ანალოგიურ ვიზიტში მონაწილეობაზე და გამგზავრებაზე), რადგან აშშ-ის წარმომადგენელთა მხრიდან სახეზეა აშკარად უსამართლო და დამამცირებელი მიდგომა ქართველი მოსამართლეების მიმართ“,- წერს დიმიტრი გვრიტიშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე.
ცნობისთვის, აშშ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.