უდიდესი ცინიზმია, როცა დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული საზოგადოება ერთი ხელით ევროკავშირის დროშას აფრიალებს, ხოლო მეორე ხელით ევროპელ პენსიონერთა ჯიბეში ღრმად ყოფს ხელს, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, "კეზერაშვილმა ჯიბგირობის ფორმები დახვეწა", ხოლო BBC-ის გამოძიებაზე მისი და მისი ადვოკატების პასუხი სასოწარკვეთილი ადამიანის პასუხი იყო.
„როგორც შევიტყვეთ, კეზერაშვილი BBC-ის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებას აპირებს. დარწმუნებული ვარ, მოვლენები საინტერესოდ განვითარდება. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ გამომძიებელ ჟურნალისტებს ამ საშინელ მოვლენაზე, რომლის სათავეში თავდაცვის ყოფილი მინისტრი იდგა, სხვა მასალებიც ექნებათ. მოვლენების განვითარებას კიდევ ვიხილავთ...
კეზერაშვილის გარემოცვის ე.წ. ჟურნალისტებმა და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა და აქტივისტებმა მორალურ ზღვარს მაშინ გადააბიჯეს, როცა თავი ქართველი ჯარისკაცების ჯიბიდან ამოღებული ფულით დაიხელფასეს. ახლა ეტყობა მათთვის ევროპელი პენსიონერების ჯიბეში ხელის ფათური მორალურად გადაულახავი ზღურბლი აღმოჩნდა.
ეს ის კასტაა, ვისაც მაკიაველიზმი სულსა და გულში აქვს გამჯდარი და მიიჩნევს, რომ ნებისმიერი საშუალება საბოლოო მიზანს ამართლებს. მათი ნამდვილი მიზანი კი არის ხელისუფლების დამხობა, თუნდაც მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებითა და პარლამენტზე შტურმის განხორციელებით.
ჯიბგირობის ფორმები დაიხვეწა - ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ასეთი ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი სინდიკატის შემქმნელი საქართველოს მოქალაქე იქნებოდა, რომელიც თურმე დევნილი და საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩაგრული პირია", - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.