ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი - Credit Suisse ქველმოქმედებაშიც პრობლემას ხედავდა, „დიდი თანხები ირიცხება და შესაძლოა, ამან საფრთხე შეუქმნას დაუბადებელ შთამომავლობასო“

Credit Suisse ქველმოქმედებაშიც პრობლემას ხედავდა, „დიდი თანხები ირიცხება და შესაძლოა, ამან საფრთხე შეუქმნას დაუბადებელ შთამომავლობასო“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ლაშა კალანდაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ბიზნეს პალიტრაში" განაცხადა.

მისი თქმით, თანხების გადმორიცხვის შეფერხების საფუძვლად, აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენებს ასახელებდნენ.

„2-3 თვის შემდეგ ევროპარლამენტის რეზოლუცია მოიმიზეზეს მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ცნობილი იყო, რომ ევროპულ საბჭოს არ ჰქონდა რეზოლუცია გაზიარებული. ისიც კარგად იცოდნენ და ადვოკატებმაც შეატყობინეს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას მხოლოდ და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა საბაბს იყენებდნენ. ზოგიერთ ეტაპზე საბაბად ჰქონდათ „ქველმოქმედებაში ძალიან დიდი თანხები ირიცხება და შეიძლება ამან საფრთხე შეუქმნას ბენეფიციარ მესაკუთრეებს, მათ მემკვიდრეებს, დაუბადებელ შთამომავლობასაც კი“. აი, ასეთი ხელოვნური ბარიერები და მექანიზმები ჰქონდათ წარმოდგენილი, რომ თავიანთი ვალდებულებები არ შეესრულებინათ“, - განაცხადა ლაშა კალანდაძემ.

ლაშა კალანდაძის თქმით, სასამართლო პროცედურები „სრულიად ზედმეტი იყო“, რადგან შედეგის დადგომა მხარეთა შეთანხმებითაც შეიძლებოდა.

,,ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ეს არის ის საკითხი, რომელსაც სასამართლო განხილვა არ სჭირდება. ეს საკითხი ურთიერთშეთანხმებით უნდა დასრულდეს. ჩვენ გადმოგეცით ქონება სამართავად, ახლა გვსურს ამ მართვის ხელშეკრულების დასრულება - ეს ჩვენი უფლებაა. თეორიულად, აქ შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ორი დაბრკოლება - თუ იქნება აზრთა სხვადასხვაობა ანაზღაურებასთან მიმართებით, კერძოდ, რა ანაზღაურებაც ეკუთვნის მართვის დროს მმართველს. თუმცა, ამ მიმართებით არანაირი კითხვის ნიშნები არ ყოფილა და აბსოლუტური ჰარმონია იყო ჩვენს და მოწინააღმდეგე მხარეს შორის. მეორე დაბრკოლება, რაც შეიძლება ყოფილიყო, თუ იარსებებდა აზრთა სხვადასხვაობა ბენეფიციარ მესაკუთრეებს შორის, ტრასტის ხელშეკრულების გაუქმებასა და აქტივების განაწილებასთან მიმართებით. აქაც, აბსოლუტური ერთსულოვანი დამოკიდებულება და პოზიცია არსებობდა ბენეფიციარ მესაკუთრეებს შორის. ანუ, ყველანაირი წინაპირობა არსებობდა იმისთვის, რომ მხარეებს ურთიერთშეთანხმებით გაეუქმებინათ ეს ხელშეკრულება. მიუხედავად ამისა, ბანკი არ წამოვიდა ამ წინადადებაზე და მიგვითითა სასამართლოსკენ. ჩვენ იძულებული გავხდით, წავსულიყავით სასამართლოში და სასამართლოს გზით მიგვეღო ის შედეგი, რომელიც შესაძლებელი იყო მხარეთა ურთიერთშეთანხმებით დამდგარიყო ერთი წლის წინ. სასამართლო პროცედურები აბსოლუტურად ზედმეტი იყო და ეს აჩვენა რეალობამაც. სასამართლო პროცესები დროში გაჭიანურდა, თუმცა ერთი წლის თავზე დადგა შედეგი - საქმის განხილვა დამთავრდა ჩვენს სასარგებლოდ“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა