მე ეჭვიც არ მეპარება, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაში მართალია. მან ყველაფერი გააკეთა, რომ სტრასბურგში წასულიყო და „ქართულმა ოცნებამ“ ალბათ, ყველაფერი გააკეთა, რომ არ წასულიყო. აშკარად ისე ჩაშალეს წასვლა, რომ კიდევ აქეთ გადააბრალეს პრეზიდენტს ყველაფერი, - ამის შესახებ ექსპერტმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, რითაც სალომე ზურაბიშვილის სტრასბურგში ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს მთავრობის განცხადებები შეაფასა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადება, რომ ტყუილია, თითქოს მთავრობამ პრეზიდენტისთვის თანხმობის გაცემის პროცესი ხელოვნურად გააჭიანურა, რაც სტრასბურგში ვიზიტის გადადების მიზეზი გახდა, სანიმუშო მაგალითია იმისა, თუ როგორ მუშაობს „ქართული ოცნება“, რომ „თავისი გაფუჭებული საქმე სხვას დააბრალოს“.
„ეს ფაქტი აძლიერებს ჩემს არგუმენტს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატობის სტატუსი, იმიტომ რომ პრეზიდენტი სტრასბურგში ძალიან მკაფიოდ გააჟღერებდა... [სტრასბურგში] არგუმენტებს აგროვებენ, რომ შემდეგ დებატებში საქართველოს სასარგებლოდ გამოიყენონ. წარმოგიდგენიათ, პრეზიდენტი რომ ჩავა და ამ არგუმენტებს საჯაროდ გააჟღერებს ევროკავშირის პარლამენტის შენობაში. ეს იქნებოდა ძალიან სერიოზული არგუმენტი იმ ხალხისთვის, ვინც იცავს საქართველოს. მათ სჭირდებათ ეს. ამიტომ მე ეჭვიც არ მეპარება, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაში მართალია. მან ყველაფერი გააკეთა, რომ [სტრასბურგში] წასულიყო და „ქართულმა ოცნებამ“ ალბათ, ყველაფერი გააკეთა, რომ არ წასულიყო. თანაც ისე გააკეთა, რომ მას [„ქართულ ოცნებას“] არ დაბრალდეს რაღაცა. ანუ, აშკარად ისე ჩაშალეს წასვლა, რომ კიდევ აქეთ გადააბრალეს პრეზიდენტს ყველაფერი. ასე რომ, ეს არის სანიმუშო მაგალითი იმისა, თუ როგორ მუშაობს „ქართული ოცნება“, რომ თავისი გაფუჭებული საქმე სხვას დააბრალოს“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ამოცანაა, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს და ეს სხვას - ოპოზიციას, ევროკავშირს დაბრალდეს.
„ქართული ოცნება“ მკაფიოდ და ცალსახად თამაშობს თამაშს ევროკავშირში შესვლაზე, მაგრამ კარში ბურთი არ გააქვს. ანუ, მისი მთავარი ამოცანაა, არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი პოლიტიკა რუსულია.
„აშკარად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“, უნდა თუ არ უნდა, რუსეთისკენ მისრიალებს. მანქანა რომ მოგისრიალდება ყინულიან გზაზე ისე. რუსეთისკენ, იმიტომ რომ რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც აიტანს ასეთ სასამართლოს, არადეცენტრალიზებულს, ოლიგარქიულს, ჩრდილოვანს, ერთპარტიულს, ყველანაირს აიტანს, ოღონდ შენ არ წახვიდე დასავლეთისკენ“, - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ვიზიტი მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო გადადო. საპასუხოდ, მთავრობამ განაცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია მცდარია და სიმართლეს არ შეესაბამება.