აბლაბუდა რომ იყო დახატული, იმ პირებთან დაკავშირებით რატომ არ ატარებს ღონისძიებებს ქართული სამართალდამცავი ორგანოები, ივანიშვილთან დაახლოებულ პირებთან ხომ არ მივა? კეზერაშვილთანაც მივიდეთ, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, - ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე BBC-ის გამოძიებას, სადაც დავით კეზერაშვილი საქართველოში „ქოლ- ცენტრების“ დამფუძნებლად სახელდება და „მისტერ ოფშორად“ მოიხსენიებენ.
მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ " BBC მხოლოდ დაშვებების დონეზე საუბრობს, თუმცა იქვე დასძენს, რომ თუ ეს ვერსია დადასტურდა, შეუძლებელია ამ სქემას საქართველოში ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე ემუშავა.
„თუ დასტურდება „ქოლ-ცენტრების“ არსებობა საქართველოში და ვერსია, რომ ადამიანებს, რომლებიც ამას ახორციელებდნენ შეიძლება კავშირი ჰქონდეს კეზერაშვილთან, პირდაპირ ვამბობ, რომ ეს სქემები ვერ იმუშავებდა მმართველი პარტიის, ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე. BBC თავის წერილობით სტატიაშიც, საგამოძიებო ფილმშიც ამბობს, რომ ეს არ არის საბრალდებო დასკვნა, დაშვებებია. საგამოძიებო ჟურნალისტიკა არ ნიშნავს სასამართლო ვერდიქტს. გასაგებია და დაშვების დონეზე ვუშვებ, რომ კონტაქტი შეიძლება არსებობდეს ამათ შორის, მაგრამ უფრო დიდი მტკიცებულება შინაგანი მაქვს, რომ „ქოლ-ცენტრი“, საიდანაც ასობით ადამიანი რეკავს უცხოეთში ვერ იმუშავებს მმართველი პარტიის და ხელისუფლების გარეშე. კითხვა მაქვს, თუნდაც იმ ხუთ ადამიანთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში თავისუფლად გადაადგილდება, რატომ არ არის შესაბამისი ზომები გატარებული? მესმის, რომ კეზერაშვილის მიმართ პოლიტიკური ინტერესია, მაგრამ დანარჩენ ხუთ ადამიანთან დაკავშირებით, ვისზეც იყო საუბარი, აბლაბუდა რომ იყო დახატული, რატომ არ ატარებს სამართლებრივ ღონისძიებას ქართული სამართალდამცავი ორგანოები, შემთხვევით ხომ არ მივალთ ფარცხალაძესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ სხვა ადამიანებთან? და კეზერაშვილთანაც მივიდეთ, თუ ეს ასეა ნამდვილად, არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს,"- განაცხადა მანჯგალაძემ.
მანჯგალაძე პრეზიდენტის სტრასბურგში დაგეგმილო ვიზიტის გადადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებას მოერიდა.
„ეს არის დაპირისპირების აისბერგის წვერი და დარწმუნებული ვარ, ძირი უფრო საინტერესოა. დაპირისპირება ნამდვილად არსებობს „ქართულ ოცნებასა“ და პრეზიდენტს შორის იმ საკითხზე, თუ როგორ შეიძლება, რუსულ ჟარგონს გამოვიყენებ - „გაპრავდეს“ ბიძინა ივანიშვილი დასავლეთში. ზურაბიშვილს აქვს პრეტენზია, რომ მას თუ მიანდობენ ამ საგარეო კურსს ბიძინას საზღვარგარეთ გათეთრების, კობახიძეზე და ივანიშვილზე უკეთ გააკეთებს ამას. პრეზიდენტი რას გააკეთებდა? - იქ ჩავიდოდა კონკრეტული გადაწყვეტით - გაათავისუფლებდა ნიკა გვარამიას და მეშვიდე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც მედიას ეხება, გადადგმული ექნებოდა ერთი ნაბიჯი, მაგრამ ეს არ გააკეთა, რატომ? - რადგან ივანიშვილს არ უნდა ნიკა გვარამია იყოს თავისუფალი, შესაბამისად, მოერიდა მასთან დაპირისპირებას და საერთოდ არ წავიდა. ეს მაშინ, როცა „ქართული ოცნებისგან“ პარტნიორების ჩამოშორების სპეცოპერაცია მიდის, ეს ავტომატურად ნიშნავს აქ რუსულ გავლენას. რუსეთის არგაღიზიანება კი არა, რუსული თამაშია. დღეს ჯვარცმის წითელი პარასკევია და იმ დროში რომ ყოფილიყვნენ „ქოცები“ იტყოდნენ, რომ ქრისტეს არ უნდა გაეღიზიანებინა ფარისევლები და მწიგნობრები და კაიაფა აჭმევდა და ასმევდა ძალიან კარგად, ასეთი დამოკიდებულება აქვს „ქართულ ოცნებას" ქრისტიანობის და რუსეთის მიმართ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.