„დეოლიგარქიზაციის“ ტერმინის განმარტება დაავიწყდათ, მათ შორის დაავიწყდათ, როგორ განმარტავს მას პლატონი და არისტოტელე. ივანიშვილზე უნდოდათ თარგის აწყობა, რომ დაეცვათ საკუთარი დანაშაულებრივი სინდიკატის ხელმძღვანელი, რომლის სახელს და გვარს, უდანაშაულობის პრეზუმფციას დავიცავ და არ დავასახელებ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ვენეციის კომისიას მეორედ გადაეგზავნა.
ოდიშარიას თქმით, ბუნებრივია, რომ სურთ კომისიამ დაჩქარებულად გამოგზავნოს საკუთარი მოსაზრებები, რათა კიდევ ერთი პუნქტი ჩახურონ 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით.
„ოპოზიციის ბოდვებზე კომენტარისგან თავს შევიკავებ. ვის ვისზე უნდოდა ამ კანონის მორგება ნათელია. როგორც კი ეს ტერმინი გაიგეს, ყველაფერი დაავიწყდათ ამ ქვეყნად, მათ შორის, ამ ტერმინის შესახებ პლატონის და არისტოტელეს განმარტება და პირდაპირ ივანიშვილზე უნდოდათ თარგის აწყობა, რომელიც გაწეულია პოლიტიკიდან, არც ტელევიზიას ფლობს და ქველმოქმედებითაა დაკავებული. უნდოდათ დაეცვათ საკუთარი ოლიგარქიც აღარ ჰქვია - დანაშაულებრივი სინდიკატის ხელმძღვანელი. უდანაშაულობის პრეზუმფციას დავიცავ და სახელს და გვარს არ დავასახელებ. ჩვენ ჩვენი პარტნიორებისთვის მისაღებ კანონს დავეყრდენით, მივმართეთ ვენეციის კომისიას, მივიღეთ რეკომენდაციები... მნიშვნელოვანი იყო, რომ პროცესიდან პოლიტიკა მაქსიმალურად გასულიყო, არ ყოფილიყო პიროვნული მიდგომები. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება მთავარ აქტორად შემოსულიყო ანტიკორუფციული საბჭო, რომელიც ანგარიშვალდებულია არა პრემიერ-მინისტრთან, არამედ პარლამენტთან და უწყებათაშორის ანტიკორუფციულ საბჭოსთან. მიუხედავად იმისა, რომ ყველა რეკომენდაცია გავითვალისწინეთ, ხელმეორედ მივმართეთ ვენეციის კომისიას და ბუნებრივია, გვსურს, რომ დაჩქარებულად მივიღოთ პასუხი, რომ კიდევ ერთი პუნქტი ჩავხუროთ 12-პუნქტიანი რეკომენდაციებისა,“ - განაცხადა ოდიშარიამ.
ოდიშარია გამოეხმაურა, ასევე, კეზერაშვილთან დაკავშირებულ „ბიბისის“ ჟურნალისტურ გამოძიებას და აღნიშნა, რომ „ამაზრზენია, როგორ არაადამიანურად ხდებოდა ასაკოვანი და ზოგ შემთხვევაში, დასნებოვნებული ადამიანების მოტყუება და გაძარცვა“.
„ფაქტი ძალიან მძიმეა, რადგან ეს არ არის კეზერაშვილის ტელევიზიად წოდებული კანტორა, არამედ ეს არის ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი და არ მახსენდება ოდესმე მათი ინფორმაცია, მითუმეტეს ჟურნალისტური გამოძიება, ყოფილიყოს ყალბი ან ჰაერიდან მოტანილ ფაქტებზე დაყრდნობილი. ისინი როგორც წესი, სრულდება 99 პროცენტით. არამხოლოდ ვწუხვარ ამ დანაშაულზე და ამაზრზენია ყველაფერი, რაც იქ არის აღწერილი, არამედ ეს ჩირქს სცხებს ჩვენს ქვეყანას,“ - განაცხადა ოდიშარიამ.